საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ახალ წლამდე გაიმართება | Allnews.Ge

საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ახალ წლამდე გაიმართება

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა ახალ წლამდე გაიმართება. პარლამენტის მიერ დამტკიცებული კომისიის დებულების მიხედვით, პირველი სხდომა დებულების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 15 დღისა უნდა გაიმართოს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შემდეგი შემადგენლობით განისაზღვრა: - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე; საპარლამენტო უმრავლესობის, საპარლამენტო უმცირესობის და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილი ფრაქციის წევრები, აგრეთვე პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი; ბოლო საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილე იმ პარტიების და იმ ბლოკების პირველი ნომერი პარტიების თითო წარმომადგენელი, რომელთაც ვერ გადალახეს საარჩევნო ბარიერი, მაგრამ მიიღეს ამომრჩეველთა ხმების 3% მაინც;

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი; იუსტიციის მინისტრი და საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე; აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხელმძღვანელები; სახალხო დამცველი; ეროვნული ბანკის პრეზიდენტი; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი; ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი; ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საპარლამენტო უმრავლესობას, საპარლამენტო უმცირესობას და საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ დარჩენილ ფრაქციას პარლამენტში მიღებული მანდატების რაოდენობის პროპორციის გათვალისწინებით, კომისიაში განესაზღვრება შემდეგი კვოტები: საპარლამენტო უმრავლესობა – 23 წევრი; საპარლამენტო უმცირესობა – 8 წევრი; ფრაქცია "საქართველოს პატრიოტები" – 2 წევრი.

კომისიის პერსონალურ შემადგენლობას პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით დაამტკიცებს.

ამასთან, დებულების მიხედვით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. კომისიის სამუშაო ჯგუფებია: - ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულის, კონსტიტუციის ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა ჯგუფი; პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა ჯგუფი; პრეზიდენტის, მთავრობის და თავდაცვის საკითხთა ჯგუფი; ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა ჯგუფი.

საკონსტიტუციო კომისიის დებულების საბოლოო ვარიანტით, კომისიაში გადაწყვეტილებების მიღების წესი განისაზღვრა. კერძოდ, კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. კომისია კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის ცალკეული დებულებების და კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის საბოლოო ტექსტის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

დადგენილების მიხედვით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშავოს.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.,.

myquiz