გიგა ბოკერია"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს | Allnews.Ge

გიგა ბოკერია"ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს

პარტიის შიგნით დაპირისპირება იმ დემოკრატიზაციის ნაწილია, რა პროცესსაც "ნაციონალური მოძრაობა" გადის, განსხვავებით "ქართული ოცნებისაგან", რომელიც იმას აკეთებს, რასაც ბელადი ეტყვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არსებული დაპირისპირებისა და უთანხმოების პარტიის ფრაგმენტაციით დასრულება, ბოკერიამ განაცხადა, რომ იმედი აქვს, ეს არ მოხდება.

"პოლიტიკური დაპირისპირება პარტიის შიგნით იმ დემოკრატიზაციის ნაწილია, რა პროცესსაც "ნაციონალური მოძრაობა" გადის, ბევრი სხვა პარტიისაგან და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებით, რომელსაც ბელადი ჰყავს და რასაც ბელადი იტყვის, იმას გააკეთებს. ჩვენ განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, (თუმცა არც მანამდე იყო ის ვითარება, რომ ერთპიროვნული მმართველობა ყოფილიყო), დემოკრატიულ, ინსტიტუციონალურ მმართველობაზე გადავედით, სადაც მათ შორის მწვავე უთანხმოებები, აი, ამ ფორმატით წყდება", - განაცხადა ბოკერიამ.

მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ახალი თავმჯდომარის არჩევას, "რომელიც პარტიას იმ დევნისა და არანორმალური ვითარების გამო არ ჰყავს, რაც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა".

"გვყავს კანდიდატურა, რომელიც იქნებოდა საუკეთესო კანდიდატურა ჩვენთვის, პარტიისთვის და ვიტყოდი, რომ ქვეყნისთვის. ეს არის დავით ბაქრაძე და ეს არის ჩემი მყარი პოზიცია. შევეცდები ყრილობაზე თანაპარტიელები დავარწმუნო, რომ ეს არის სწორი პოზიცია", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

myquiz