გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია | Allnews.Ge

გიორგი მარგველაშვილი - რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იმედგაცრუებას გამოთქვამს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი ბრიუსელში ამ დრომდე განიხილება მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ყველა საჭირო მოთხოვნები შეასრულა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სააგენტო Reuters-სთან ინტერვიუში განაცხადა.

"ევროკავშირი, ისევე როგორც ნატო, გამოწვევების გადაფასების კონსერვატიულ ეტაპს გადიან. ვფიქრობთ, რომ ეს კონსერვატიული ეტაპი უნდა დასრულდეს რაღაც ეტაპზე უფრო აქტიური და უფრო ინტენსიური დღის წესრიგით", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

საქართველოს პრეზიდენტი ინტერვიუში რუსეთის თემასაც შეეხო.

"მიგვაჩნია, რომ რუსეთი ის ფაქტორია, რომელიც უნდა გაითვალისწინონ მისმა მეზობლებმა, ასევე სხვა საერთაშორისო მოთამაშეებმა. რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა მიზნად ისახავს რაციონალური დიალოგის პოლიტიკას, მშვიდობის შენარჩუნების პოლიტიკასა და საქართველოს არჩათრევას რაიმე სახის პროვოკაციაში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთთან კარგი ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ რუსეთი პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია ისტორიულად უსამართლო ნაბიჯია. ჩვენი საზოგადოება და საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამას არასოდეს მიიღებს".

myquiz