სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სომხურ-რუსულ დაჯგუფებასა და რეგიონში არსებულ ვითარებას აფასებს | Allnews.Ge

სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სომხურ-რუსულ დაჯგუფებასა და რეგიონში არსებულ ვითარებას აფასებს

რუსეთ-სომხეთის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნა, რეგიონის წინაშე არსებული გამოწვევები, ამიერკავკასიის ქვეყნების ურთიერთქმედება და პირად ინტერესებზე დამყარებული საგარეო პოლიტიკური ვექტორი, რომელიც რეგიონში ურთიერთობების სამომავლო დალაგებასაც გამორიცხავს.

რა მიზნით იქმნება ახალი დაჯგუფებები, თუ ისინი უბრალოდ, კარგად დავიწყებული ძველის გაგრძელებაა? როგორ ხედავენ მეზობელი ქვეყნები ნატოს როლს რეგიონში და რა გვიშლის ხელს კონსტრუქციულ დიალოგში? - აღნიშნულ საკითხებზე ALLNEWS.GE-ის სომხეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ვაგარშაკ არუთუნიანი ესაუბრა.

- რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლითაც სომხეთთან ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის შეთანხმება დაამტკიცა. რას გულისხმობს საკუთარ თავში ეს დაჯგუფება?

- ამ დაჯგუფებაში ახალი არაფერი არ არის, უბრალოდ ის ახლა გაფორმდება, როგორც შეთანხმება. რუსულ-სომხური ერთობლივი დაჯგუფება 1992 წლიდან არსებობს ანუ, იმ პერიოდიდან როდესაც ხელი მოეწერა სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ჯარების სტატუსის შესახებ შეთანხმებას. სწორედ ამ დროს შეიქმნა შეიარაღებული ძალების ერთობლივი დაჯგუფება, რომელსაც სწორედაც რომ უნდა განეხორციელებინა ის მიზნები, რომლებიც რუსეთის სამხედრო ბაზისა და სომხეთის შეიარაღებული ძალების წინაშე იდგა.

ანუ ეს დაჯგუფება არსებობდა და არსებობს. სიახლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ახლა ეს დაჯგუფება, როგორც შეთანხმება ისე გაფორმდება.

- თუ აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ფორმალურ ხასიათს ატარებს, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში სწორედ ახლა?

- ხომ გესმით, რომ თუ არსებობს კანონები, თუ არსებობს სამხედრო ბაზა რომელიღაც სახელმწიფოს ტერიტორიაზე, შესაბამისად მას აქვს გარკვეული მიზნებიც და თუ არის მიზნები, ნებისმიერ საკითხში განსაკუთრებით კი სამხედრო სფეროში, ამ მიზნების განსახორციელებლად განისაზღვრება ძალა და რესურსი. შესაბამისად ცხადია, რომ უნდა შეიქმნას დაჯგუფება და ის შეიქმნა კიდეც. უბრალოდ ახლა ფორმდება როგორც შეთანხმება.

რუსეთის ფედერაციასა და სომხეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შეიქმნება

- რომელიც ქვეყანა დგას აღნიშნული დაჯგუფების სათავეში?

- როდესაც სომხეთის ტერიტორიაზე ეს დაჯგუფება შეიქმნა და ხელი მოეწერა ერთობლივი შეიარაღებული ძალების გამოყენების გეგმებს,

ამ დაჯგუფების ხელმძღვანელი სომეხი გენერალი იყო, ანუ სომხური მხარე.

დაჯგუფება სომხეთის კანონმდებვლობის შესაბამისად მოქმედებს, რა თქმა უნდა, რუსულ მხარესთან შეთახმების საფუძველზე, რადგან აღნიშნულ დაჯგუფებაში მისი შეიარაღებული ძალებიც შედიან.

სომხური მხარე ორი საფრთხის წინაშე დგას.

ერთი აზერბაიჯანიდან მოდის, რომელიც ამ დროისთვის ერევანთან კონფლიქტურ მდგომარეობაში იმყოფება, მეორე კი თურქეთის მხრიდან მომდინარეობს, რომელიც თავად ბლოკავდა სომხეთს, გამოდის მუქარით სომხეთის წინააღმდეგ და რაც მთავარია ის ბლოკავდა სომხეთის საზღვარს, რაც საერთაშორისო კანონის თანახმად განიხილება, როგორც არამეგობრული აქტი და ომის ელემენტი. ამიტომ ჩვენ ორი საფრთხის წინაშე ვდგავართ.

საქართველოსა და ირანთან ჩვენ მეგობრული ურთიერთობა გვაქვს, სადაც ჩვენ ვერ ვხედავთ ვერანაირ საფრთხეს.

- რუსეთის ინეტერესებზე, რომ უფრო დეტალურად გვითხრათ?

- რუსეთს თურქეთთან აქვს რთული ურთიერთობა, თუ უკანასკნელ მოვლენებს თვალს ადევნებდით ეს ნათლად ჩანს. გარდა ამისა, მოსკოვის ინეტერესებში შედის რეგიონში მისი წარმომადგენლობა ამიტომ, რა თქმა უნდა, დაჯგუფების ფუნქციონირების ხელშეწყობაში მას თავისი ინტერესები აქვს. სომხეთი კი ამ გზით თურქეთიდან მომდინარე საფრთხის ნეიტრალიზებას ცდილობს.

თორნიკე შარაშენიძე რუსეთ-სომხეთის შეირაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნის მიზეზებზე საუბრობს

- ზოგიერთი ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ რუსეთმა აღნიშნული ნაბიჯი სომხეთისთვის შეიარაღებული კონფლიქტის შემთხვევაში გარანტიის მისაცემად გააკეთა, რადგან მოსკოვმა აზერბაიჯანს დიდი ოდენობით იარაღი მიჰყიდა, რამაც ოფიციალური ერევანის გაღიზიანება გამოიწვია, როგორ ფიქრობთ ამ შეთანხმების მიზეზი შეიძლება თუ არა ასე ავხსნათ?

- ეს რეალობას საერთოდ არ შეესაბამება, რადგან როგორც უკვე გითხარით დაჯგუფების შექმნა რუსეთის ბაზის განთავსებიდან გამომდინარეობს, ანუ არსებობს ბაზა, არსებობს შეთანხმება რუსეთსა და სომხეთს შორის. ამიტომ ახალი აქ არაფერი არ არის და იმის თქმა რომ დაჯგუფების შექმნა აზერბაიჯანისთვის იარაღის მიყიდვას უკავშირდება, არასწორია. ეს რუსეთ-სომხეთის სამხედრო ურთიერთობის გაღრმავების მცდელობას უფრო უნდა მივაწეროთ, რომელიც საწყისს 1992 წელს იღებს, დროთა განმავლობაში ვითარდება და რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან შესაბამისობაში მოდის.

- თქვენ ახსენეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობა, თურქეთიდან მომავალი საფრთხე, აქვე ხაზი გაუსვით რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობას როგორ ხედავთ ჩვენი რეგიონის მომავალს ამ გამოწვევების ფონზე?

- კარგი იქნებოდა, რომ რეგიონი ყოფილიყო ერთიანი, არ ჰქონოდა ადგილი არანაირ კონფლიქტს და შეძლებოდა განვითარებულიყო ეკონომიკური და კულტურული კუთხით, მაგრამ სამწუხაროდ არსებული კონფლიქტები რეგიონის განვითარების მომავალ პერსპექტივასაც განსაზღვრავს. მაგალითად, სომხეთში არსებული ვითარება მთიან ყარაბაღს უკავშირდება.

საქართველოსაც აქვს გადაუჭრელი საკითხები აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით, ამიტომ როდესაც რეგიონს ვუყურებთ, ვხედავთ რომ თითოეული ქვეყანა საკუთარი მომავალი ინტერესებიდან გამომდინარე აქვს განსხვავებული პოლიტიკური ვექტორი. ამიტომ, როდესაც თუნდაც დღეს ვაფასებთ რეგიონში არსებულ ვითარებას, უნდა ითქვას, რომ

ყველა სახელმწიფო თავის საგარეო პოლიტიკურ კურსს სრულიად განსხვავებულად სახავს.

თუ სომხეთ-საქართველოს ურთიერთობაზე ვსაუბრობთ, ისინი ყოველთვის იყო გაწონასწორებული და მეგობრული, ვიმედოვნებ, რომ ყოველთვის ასე იქნება.

- როგორ განიხილავთ ნატოს როლს რეგიონის განვითარების საკითხში?

- როგორ შემიძლია ნატოს როლი და ფუნქცია შევაფასო, როდესაც სომხეთისთვის საფრთხის მატარებელი თურქეთი სწორედ ნატოს წევრია. ეს ქვეყანა ჩვენ უშუალო საომარი ვითარებით გვემუქრება, რადგან ევროკავშირსა და სხვა სტრუქტურებში ხელმოწერილი ნებისმიერი კონვენციის დარღვევით, სომხეთს უკვე 20 წელია ბლოკავს და ნატოს არ შეუძლია მის წევრ ქვეყანაზე ზემოქმედების მოხდენა.

- ნატოს არ შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე და დამოუკიდებლობის 25 წლიანმა პრაქტიკამ ეს ნათლად გვაჩვენა. ნატო არავის არ სთავაზობს წევრობას, და თუ ამ ორგანიზაციის წევრი არ ხარ, ეს ორგანიზაცია უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით, საკუთარ თავზე არანაირ პასუხისმგებლობას არ იღებს.

- და რომ ვეცადოთ ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობას?

- ცდა ღირს მაშინ როდესაც ინტერესების თანხვედრა ხდება და არის იმედი.

ნატო და მისი მაღალჩინოსნები ხშირად აღნიშნავდნენ, რომ საქართველო და უკრაინა უახლოეს მომავალში ვერ გახდება ალიანსის წევრი. სახელმწიფოს უსაფრთხოების უზრუნველყოფას დიდი მნიშვნელობა აქვს, არა ვირტუალურად და არა რამდენიმე წლის შემდეგ არამედ ახლა, რადგან სახელმწიფოს საფრთხე სწორედ დღეს ემუქრება.

myquiz