რა კანონპროექტები და რეგულაციები ამოქმედდება 2017 წელს | Allnews.Ge

რა კანონპროექტები და რეგულაციები ამოქმედდება 2017 წელს

2017 წლის პირველ იანვარს, ახალი წლის დადგომასთან ერთად, ძალაში ახალი კანონპროექტები შევა. თუმცა, ზოგიერთი მათგანი ჯერ კიდევ საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენს.

პირველი იანვრიდან საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონი ამოქმედდება, რომელიც საჯარო მოხელის შეფასების სისტემის დანერგვას გულისხმობს. აღნიშნული კანონის მიხედვით, საჯარო მოხელის შეფასების ორი მეთოდი არსებობს:

1. მოხელეს აფასებს მისი უშუალო ხელმძღვანელი;

2. დასაქმებულთან ინტერვიუს ისევ მისი უშუალო ხელმძღვანელი ატარებს;

ამასთან, მთავრობამ პოლიტიკის დაგეგმვის სისტემის რეფორმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის თქმით, უკვე განხორციელების ფაზაშია.

გარდა ამისა, პრემიერმა აღნიშნა, რომ მომხრეა, ოჯახის დეფინიცია კონსტიტუციით განისაზღვროს, - "მე მომხრე ვარ, რომ სამოქალაქო ქორწინება  კონსტიტუციაში აისახოს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა", - აღნიშნა მან, თუმცა, უცნობია, აღნიშნული ცვლილება განხორციელდება თუ არა.

ასევე, თბილისის მერის, დავით ნარმანიას თქმით, თბილისში ტაქსების რეგულაცია მოხდება. მერიაში შემუშავებულია დოკუმენტი, რომელიც დარგის სპეციალისტებთან ერთობლივი განხილვის შემდეგ, საბოლოო სახეს მიიღებს და ძალაში უახლოეს მომავალში შევა.

რამდენიმე თვეში მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვაც იგეგმება.

კანონპროექტის ამოქმედება, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, სავარაუდოდ, 1 იანვრიდან მოხდება, თუმცა ერთ-ერთ სავარაუდო თარიღად 2017 წლის 1 მარტიც სახელდება.

მომავალი წლიდან ძალაში, რეგულაციების გავლენის შეფასების კანონიც შევა, რომელიც სისტემური იქნება და მოიცავს როგორც ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის, ისე სხვა სფეროებს. კანონის მიხედვით, 2017 წელს მოგების გადასახადის რეფორმის რეგულირების გავლენის ანალიზი უნდა ამოქმედდეს.

გარდა ამისა, 2017 წლის პირველი იანვრიდან ძალაში საქონლის ხორცის ეტიკეტირების წესი შედის.

ძალაში შევა კანონპროექტი "საქართელოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"

ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ პარლამენტი მომავალი წლიდან შრომის უსაფრთხოების კანონსაც მიიღებს.

სამინისტროში იუწყებიან, რომ 2017 წლიდან საქართველოს შრომის ინსპექტირების გაძლიერებული სისტემა ექნება, რომელიც მექანიზმს დღეისათვის არ არსებული ბერკეტით აღჭურავს, ასევე, შრომის ინსპექციას საწარმოში შესვლისა და საკუთარი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა ექნება.

კიდევ რა კანონებს უნდა ველოდოთ ახალი წლიდან, ამის შესახებ სრული ინფორმაცია დეკემბრის ბოლოდ გახდება ცნობილი.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz