ევროკავშირი და UNDP მედიაში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას დადებითად აფასებენ | Allnews.Ge

ევროკავშირი და UNDP მედიაში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას დადებითად აფასებენ

ევროკავშირი და გაერო-ს განვითარების პროგრამა მედიაში საპარლამენტო არჩევნების გაშუქებას დადებითად აფასებენ, თუმცა აცხადებენ, რომ არსებობს სფეროები, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებს.

ევროკავშირმა და გაერო-ს განვითარების პროგრამამ დღეს წარმოადგინეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების მონიტორინგის მეოთხე ანგარიში, რომელიც მოიცავს 26 სექტემბრიდან 2 ნოემბრამდე პერიოდს. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე კარლო ნატალე და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში შომბი შარპი, ხოლო მედია-მონიტორინგის ანგარიშები წარადგინეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ (ტელეარხების მედია-მონიტორინგი), "ინტერნიუს საქართველომ" (რადიოსადგურების მედია-მონიტორინგი) და სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა (ბეჭდურ და ინტერნეტ მედიის მონიტორინგი).

"ევროკავშირის შეფასება წლევანდელი არჩევნების შესახებ მთლიანობაში არის დადებითი. ეს ეხება როგორ ადმინისტრაციულ ნაწილს, ანუ არჩევნების ჩატარების ტექნიკურ მხარეს, ისე მედიაში არჩევნების გაშუქებას. რა თქმა უნდა, მედიაგაშუქების თვალსაზრისით, ჩვენ, მთლიანობაში, დადებითად შევაფასეთ ეს პროცესი, თუმცა არის დარჩენილი რამდენიმე მნიშვნელოვანი სფერო, რომელთა გაუმჯობესება არის საჭირო", - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, კარლო ნატალემ.

გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ შომბი შარპიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ წლევანდელი არჩევნები სანდო და პროფესიულ დონეზე ჩატარდა და მედიის როლი ასეთი კარგი შედეგის მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

"მედიამონიტორინგის ზოგადი შედეგი არის უაღრესად დადებითი, მაგრამ ასევე ყოველგვარ გაუმჯობესებასთან ერთად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ არსებობს კიდევ სფეროები, რომლებიც მეტ ყურადღებას საჭიროებენ. განსაკუთრებით ეს ეხება ბეჭდურ მედიას და ინტერნეტ მედია საშუალებებს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მედიის განვითარების მიმართულებით აქტიური მუშაობა, რათა აღარ იყოს სიძულვილის ენის გამოყენება და გაშუქება იყოს გაცილებით დაბალანსებული", - განაცხადა გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების გაშუქების მედია-მონიტორინგი ევროკავშირის და გაერო-ს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ხორციელდება. მედია-მონიტორინგი მოიცავს 40-ზე მეტ მედიასაშუალებას. მათ შორის ტელეკომპანიებს, რადიოს, ბეჭდურ და ონლაინ მედიას. მედია-მონიტორინგი 2016 წლის მაისში დაიწყო და მისი საბოლოო ანგარიში 15 დეკემბერს გამოქვეყნდება.

myquiz