დავით უსუფაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს | Allnews.Ge

დავით უსუფაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს

მივიღე ადამიანურად მტკივნეული, მაგრამ პოლიტიკურად აუცილებელი გადაწყვეტილება "რესპუბლიკური პარტიის" დატოვების შესახებ, - ამის შესახებ დავით უსუფაშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში წერს.

მისივე თქმით, პარტიის თავმჯდომარეს, პარტიის დამფუძნებლებს, სხვა ლიდერებს აქვთ შემდგომი საქმიანობის თაობაზე პოლიტიკური, ტაქტიკური და ღირებულებითი ხედვები, რომლებსაც არ ვიზიარებს, მაგრამ რომელთა რეალიზებასაც ხელს არ შეუშლის.

"ამ ხედვებს არ ვიზიარებ იმიტომ, რომ ჩემი აზრით, ამ გზით კიდევ უფრო შესუსტდება პარტიის გავლენა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე. პარტიის მიერ მათ რეალიზებას კი ხელს არ შევუშლი იმიტომ, რომ პატივს ვცემ პარტიის დამფუძნებლების სრულიად გამორჩეულ ღვაწლს ქართულ პოლიტიკაში და ვაღიარებ მათი ხედვების პრიმატს რესპუბლიკური პარტიის მომავლის განსაზღვრაში.

მე ინდივიდუალურ რეჟიმში ვაგრძელებ აქტიურ ოპოზიციურ პოლიტიკურ საქმიანობას და უახლოეს 2-3 თვეში მექნება ინტენსიური დიალოგი ყველასთან, ვინც არათუ დაიღალა თავისუფალი, მრავალპარტიული, დემოკრატიული, ევროპული საქართველოს მშენებლობის პრობლემებით, არამედ პირიქით - მეტი პრობლემის გამო მეტად არის შემართული შრომისთვის და ახალი, უფრო ეფექტური გზების ძიებისთვის.

ამ დიალოგის და ერთობლივი განსჯის შემდეგ შევჯერდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც არსებული გამოწვევების ადეკვატური იქნება. ფაქტია, რომ ევროპულ სახელმწიფომდე და კეთილდღეობამდე ვერ მიგვიყვანენ პოლიტიკურ პარტიებად წოდებული ვერც სახელმწიფოსთან შეზრდილი ბიუროკრატიული კონგლომერატები, ვერც ერთად ჩადენილი პოლიტიკური ცოდვების გამო კონსოლიდირებული ჯგუფები და ვერც მომცრო პოლიტიკური სამეგობროები შესაბამისი მომცრო ელექტორატით.

2020-ის საპარლამენტო არჩევნებში უნდა გაიმარჯვოს ქვეყნის მართვის სრულფასოვანი რესურსის მქონე ახალი ტიპის პოლიტიკურმა მოთამაშემ, რომელსაც პოლიტიკურ-გენეტიკურ კოდში ექნება მრავალპარტიულობის აუცილებლობა და არა მისი მიუღებლობა, შეცვლადობა და არა შეუცვლელობა, ერთ-ერთობა და არა ერთადერთობა. მხოლოდ ამის შემდეგ დადგება ფეხზე მყარად ის, რაც მართლაც ერთადერთი და შეუცვლელია - ქართული სახელმწიფო, რომელიც ჩვენს სამშობლოს სათანადოდ უპატრონებს", - აცხადებს უსუფაშვილი.

myquiz