მიხეილ ჯანელიძე - ყველა ინდიკატორი არსებობს იმისა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდეს | Allnews.Ge

მიხეილ ჯანელიძე - ყველა ინდიკატორი არსებობს იმისა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდეს

ყველა ინდიკატორი არსებობს იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი ძალიან მალე დასრულდეს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის ევროკავშირის საბჭოსადმი მიმართვის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

როგორც ჯანელიძემ აღნიშნა, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ყველა შესაბამისი პროცესი.

"აქტიურად მიმდინარეობს ევროპარლამენტსა და საბჭოს შორის განხილვები. ევროპარლამენტის მხრიდან ასეთი მხარდამჭერი განცხადება კიდევ ერთი მაჩვენებლია იმის, რომ პარლამენტი მზად არის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს პროცესი. შესაბამისად, ყველა ინდიკატორია იმისა, რომ საქართველოსთვის ეს პროცესი დასრულდეს ძალიან მალე", - განაცხადა ჯანელიძემ.

ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით დაიწყოს მოლაპარაკებები "შემდგომი გადავადების გარეშე".

წერილში, რომელსაც ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტი (LIBE) უგზავნის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს, ევროდეპუტატები მოუწოდებენ საბჭოს, დაიწყოს სამმხრივი მოლაპარაკები "რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში".

ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე 4 პროცედურაა დარჩენილი

ევროდეპუტატები აღნიშნავენ, რომ საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესებისკენ მიმართული მოლაპარაკებების გადავადების რეალური მიზეზი არ არსებობს და ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველო ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს.

ევროდეპუტატები უკმაყოფილებას გამოთქვამენ ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილების გამო, რომლის მიხედვითაც სამმხრივი მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს იქამდე, სანამ ევროპარლამენტთან არ მოხდება შეთანხმება ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესებაზე.

"ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს, შეუძლია მიიღოს სარგებელი ვიზალიბერალიზაციისგან და საქართველოს შემთხვევა ასეთია", - აცხადებს მომხსენებელი მარია გაბრიელი თავის მიმართვაში და იქვე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი დაპირებები უნდა შეასრულოს.

myquiz