"რუსეთი საქართველოს შემთხვევაში მათრახის და კვერის პოლიტიკას იყენებს" | Allnews.Ge

"რუსეთი საქართველოს შემთხვევაში მათრახის და კვერის პოლიტიკას იყენებს"

პრაღაში გამართულ კარასინი-აბაშიძის მორიგ შეხვედრაზე რუსეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა კონკრეტულ შეთანხმებებს მიაღწიეს. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იტყობინება.

"შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა, ასევე მნიშვნელოვნად იმატა საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობამ. პოზიტიურად შეფასდა ის გარემოება, რომ უახლოეს პერიოდში, ქართული ფილმების არქივის რუსეთიდან საქართველოში დაბრუნების პროცესი დაიწყება, რის შესახებაც საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო მიაწვდის.

"მიღწეულ იქნა კონკრეტული შეთანხმებები რუსეთის ბაზარზე საქართველოდან ექსპორტის, ასევე სატრანსპორტო გადაზიდვების ზრდის კუთხით. აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის საქმიანი კონტაქტების განვითარებას", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, რუსეთი სავიზო რეჟიმის კიდევ უფრო გამარტივებაზე მუშაობს, თუმცა გაუქმებაზე ჯერ საუბარი არ არის. ამას გარდა, აბაშიძემ აღნიშნა, რომ მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის სავიზო რეჟიმი უკვე საგრძნობლადაა გამარტივებული.

სპეციალისტების შეფასებით, კარასინი-აბაშიძის ბოლო შეხვედრაზე გარკვეული გზავნილები გამოჩნდა, მაგრამ მათივე თქმით, საქართველო-რუსეთს შორის შესაძლო "დამთბარი" ურთიერთობა რეალურ შედეგს ვერ მოგვცემს.

ექსპერტ სოსო ცინცაძის განცხადებით, რუსეთის მხრიდან რეალური ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა. მისი შეფასებით, მას აღარც ახსოვს აბაშიძე-კარასინის ფორმატის არსებობა, რადგან ისინი სამ თვეში ერთხელ ხვდებიან ერთმანეთს და შედეგი ნულია:

"არავინ არ ეკითხება არც კარასინს, არც აბაშიძეს არაფერს, ეს უბრალოდ პინგ-პონგია და მეტი არაფერი, მაგრამ მოდით რეალურად შევაფასოთ, რა მოხდა ისეთი? სავიზო რეჟიმი გაუქმდა, ჩვენი პროდუქცია უფრო ფართო გზით შედის რუსეთში თუ რა? მე ვერაფერს ვერ ვხედავ".

საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა კვლევათა ფონდის ექსპერტის, ნოდარ ხარშილაძის შეფასებით, "რუსეთი საქართველოს შემთხვევაში მათრახის და კვერის პოლიტიკას იყენებს".

"ეს არის იმის მცდელობა, რომ თუ კარგად მოვიქცევით, რუსეთსაც ექნება პატარ-პატარა საჩუქრები ჩვენთვის. კარგად მოქცევა გულისხმობს სტრატეგიულ დათმობებზე წასვლას, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა მოვერიდოთ რუსეთის გაღიზიანებას და აქტიურ ინტეგრაციას დასავლეთის მიმართულებით. ამასთან ერთად, ნაკლებად უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმ საერთაშორისო პროცესებში, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს და რომელიც დიდი ალბათობით, კიდევ გააქტიურდება.

ეს არის სანქციები, განცხადებები და ქმედებები, რომელსაც საერთაშორისო თანამეგობრობა რუსეთს უპირისპირებს. ეს არის იმის მცდელობა, გვითხრან, რომ თუ ამას გამოაკლდებით, თქვენთვის საჩუქრები გვაქვს გამზადებული. ჩემი აზრით, არ არის მისაღები ამ ფასად გავყიდოთ სტრატეგიული უპირატესობა რუსეთთან ურთიერთობაში", - ამბობს ხარშილაძე.

მისივე თქმით, საქართველოს მოქმედი მთავრობა რუსეთისთვის ასე თუ ისე მისაღებია "იქედან გამომდინარე, რომ ზედმეტ პრობლემას არ უქმნის".

"თუმცა ამ მთავრობას პრორუსულსაც ვერ ვუწოდებთ, ნამდვილად არ იქნება სწორი და ამის საფუძველი არ არსებობს, მაგრამ ის, რომ მთავრობის პოლიტიკის ერთ-ერთ ლაიტმოტივი არის რუსეთის არგაღიზიანება, ეს რუსეთს მოსწონს", - ამბობს ნოდარ ხარშილაძე.

გრიგორი კარასინისა და ზურაბ აბაშიძის მორიგი შეხვედრა 2017 წლის დასაწყისში გაიმართება.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz