ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე 4 პროცედურაა დარჩენილი | Allnews.Ge

ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტამდე 4 პროცედურაა დარჩენილი

საქართველოს მოსახლეობას, ზამთრის არდადეგების მოახლოვებასთან ერთად, იმ პრობლემის მოგვარების იმედი აქვს, რომელიც ვიზასთან დაკავშირებულ ძვირადღირებულ, ხშირ შემთხვევაში, რთულსა და ბიუროკრატიულ პროცედურებს, საელჩოებში არსებულ რიგებსა და ნერვიულობაში გატარებულ დღეებს ბოლოს მოუღებს.

მოსახლეობის მოლოდინისა და საქართველოს მიერ ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილების მიუხედავად, ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო პროცედურები ჭიანურდება. ევროკავშირის ტრიალოგის ფარგლებში, რომლის შემადგენლობაში ევროკავშირის საბჭო, ევროკომისია და ევროპარლამენტი შედიან, ე.წ შეჩერების მექანიზმის ტექსტის შეთანხმებასა და ბოლო დეტალების დამტკიცებას ცდილობენ.

ნატო-საქართველო - რას ველოდით და რა მივიღეთ ვარშავის სამიტიდან

"ამ ეტაპზე პროცედურის გაგრძელება, ძირითადად, "შეჩერების მექანიზმთან" დაკავშირებით შეთანხმების მიღწევაზეა დამოკიდებული. ის უკვე ტრიალოგის ფაზაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ საბჭოს წარმომადგენლები თავმჯდომარე ქვეყნის ელჩის სახით და ევროპარლამენტი მომხსენებლის სახით, შეჩერების მექანიზმის ტექსტის შეთანხმებას ცდილობენ. როგორც კი ტექსტის შეთანხმების პროცესი დასრულდება ანუ ევროკავშირის საბჭო და ევროპარლამენტი შეთანხმებას მიაღწევენ, მაშინ ტრიალოგის გამართვა საქართველოს საკითხზეც შესაძლებელი გახდება"- განმარტა ALLNEWS.GE-სთან საუბარში ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ნატალი საბანაძემ.

ბრიუსელში, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირი უვიზო რეჟიმის "შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმებას, სავარაუდოდ, უახლოესი რამდენიმე კვირის განმავლობაში მიაღწევს.

ნატალი საბანაძის თქმით, ევროკავშირის ყველა ინსტიტუტმა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ საბოლოო შედეგის დადგომამდე ტრიალოგი, ამჯერად, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექსტზე უნდა შეთანხმდეს, რაც ელჩის განმარტებით, გაცილებით მარტივი პროცედურაა.

"საქართველოზე ტრიალოგის გამართვას ბევრი დრო არ დასჭირდება. ეს იქნება პარლამენტსა და საბჭოს შორის მოკლე მოლაპარაკება, რადგან საქართველოს ვიზალიბერალიზალიის ტექსტი ბევრად მარტივი შესათანხმებელია"- განაცხადა საბანაძემ.

ამის შემდეგ:

1. ევროპარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე უკვე შეთანხმებულ დოკუმენტს კენჭს უყრის.

2. დოკუმენტი ევროკავშირის საბჭოს დაუბრუნდება, სადაც ნებისმიერ მინისტრიალს no discussion agenda point-ის ანუ, დისკუსიის გარეშე მისი დამტკიცების შესაძლებლობა ექნება.

ევროკავშირში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თქმით, საბჭოსთვის დოკუმენტის დაბრუნება სრულად ფორმალურ ხასიათს ატარებს, ამიტომ, ხშირ შემთხვევაში, ამ ეტაპს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებენ.

მაგრამ რა მოხდება, თუ ტრიალოგი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის ტექსტს ვერ შეათანხმებს, ან ევროპარლამენტი ჩვენს სასარგებლოდ კენჭს არ უყრის?

მიუხედავად იმისა, რომ "ფონდ ღია საზოგადოება საქართველოში" ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი, ვანო ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ ბრიუსელიდან პოზიტიური სიგნალები მოდის, რაც მსგავსი დასასრულის შესაძლებლობას გამორიცხავს, ALLNEWS.GE-სთან საუბარში მაინც განმარტავს, რომ პროცესის არასასურველი მიმართულებით წარმართვის შემთხვევაში, ევროპარლამენტსა და ევროკავშირის საბჭოს შორის ე.წ. შერიგების კომიტეტი დგება, რომელიც კონსესუსის მიღწევას შეეცდება.

ვანო ჩხიკვაძემ კონკრეტული გონიერი ვადის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს, დიდი ალბათობით, ახალი წლიდან მოხდება.

myquiz