სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს | Allnews.Ge

სანდრა რულოვსი არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზებს განმარტავს

ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" სიის მეორე ნომერი და ზუგდიდში პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სანდრა რულოვსი სოციალურ ქსელში წერს, რითაც მეორე ტურში მონაწილეობაზე უარის თქმასთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება.

სანდრა რულოვსის განმარტებით, მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ პარტიისთვის 11 ოქტომბერს გამართული პოლიტსაბჭოდან იყო ცნობილი.

"ძვირფასო მეგობრებო და თანამებრძოლებო! არაერთგვაროვანი რეაქცია და არაჯანსაღი სპეკულაციები მოჰყვა ჩემს განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ ვაპირებ არჩევნების მეორე ტურში ივანიშვილის მიერ ჩემს წინააღმდეგ დაგეგმილ ფარსში მონაწილეობას. პარტიისთვის ჩემი ამ გადაწყვეტილების შესახებ ჯერ კიდევ 11 ოქტომბრიდან იყო ცნობილი, როცა ეს გადაწყვეტილება გავაცანი ენმ-ის პოლიტსაბჭოს, დეპუტატობის მაჟორიტარი კანდიდატების თანდასწრებით. ჩემი ამ განცხადების შემდეგ, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ბატონმა დავით ბაქრაძემ, განაცხადა რომ, პოლიტსაბჭოს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიუხედავად, ქალბატონი სანდრას შემთხვევა არის განსაკუთრებული და უნდა შევიდეთ მის მდგომარეობაში რაც, დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭოს ოქმშიც არის ასახული.

ზუსტად პოლიტსაბჭოს სხდომის დროს გახდა ცნობილი, რომ ზუგდიდის რაიონის 3 საარჩევნო უბანზე პირველი ტური განმეორებით ჩატარდებოდა. აქედან გამომდინარე იქვე, პრესკონფერენციაზე განვაცხადე, რომ ზუგდიდის რაიონში ჩემთვის პირველი ტური ჯერ არ დამთავრებულა. ნებისმიერი მინიშნება იმაზე, რომ ეს არ იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება, ღრმად შეურაცხმყოფელია ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის და, რაც მთავარია, როგორც ქალისთვის. ასეთი აზროვნება და ქალი პოლიტიკოსის მიმართ ასეთი დამოკიდებულება შეუსაბამოა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ღირებულებებთან", - აცხადებს სანდრა რულოვსი.

მისივე განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს არ სჭირდება ცოლის მეშვეობით მისი პოზიციის გახმოვანება.

"მე მგონი ნათელია, რომ ჩემს მეუღლეს არ სჭირდება ჩემი მეშვეუბით თავისი პოზიციის გახმოვანება. ბანალობაა იმის მტკიცება, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და ძალიან ცდება ყველა, ვინც ცდილობს ისე წარმოაჩინოს საქმე, თითქოს მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი ბრძოლაზე უარს ნიშნავს. ჩვენი ბრძოლის მიზანი არაფორმალური მმართველის, რუსი ოლიგარქის დამარცხებაა და ეს აუცილებლად მოხდება იმაზე მალე, ვიდრე ბევრს ჰგონია", - წერს რულოვსი.

როგორც ცნობილია, სანდრა რულოვსმა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი თქვა.

myquiz