დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა | Allnews.Ge

დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-მა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გაიარა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს.

"კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით სავარაუდოდ არჩეულ თითოეულ წევრს, კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ კენჭისყრიდან ორი კვირის განმავლობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ჩვენთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, თუმცა ამავდროულად, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინა საარჩევნო ადმინისტრაციისათვის", - განმარტა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება, მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანონმდებლობის თანახმად, მათ შესაბამისი შემოწმება მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციისას უნდა გაევლოთ.

პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.

"საარჩევნო კოდექსში" პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

myquiz