საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს | Allnews.Ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ზაზა თავაძე აირჩიეს

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ პლენუმმა ზაზა თავაძე აირჩია. თავმჯდომარის არჩევის საკითხზე დახურულ ფორმატში კენჭისყრა გუშინ გაიმართა. არსებული ინფორმაციით, თავაძეს სხდომაზე დამსწრე, პლენუმის 8 წევრიდან მხარი 5-მა დაუჭირა.

რაც შეეხება ირინა იმერლიშვილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ზაზა თავაძის კონკურენტი იყო, მან, შესაბამისად, სავარაუდოდ, დანარჩენი 3 ხმა მიიღო.

ზაზა თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელობა 3 წლითა და 7 თვის ვადით მოუწევს. თავაძე უზენაესი სასამართლოს პლენუმის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2010 წლის 30 მარტს დაინიშნა, უფლებამოსილების განხორციელებას კი 2010 წლის 15 ივნისს, ფიცის დადების დღიდან შეუდგა. შესაბამისად, თავაძეს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა 2020 წლის 15 ივნისისთვის ეწურება.

ამასთან, "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე 5-წლის ვადით ინიშნება, ნაცვლად 10-წლისა, რა ვადაც საკანონმდებლო ცვლილებებამდე მოქმედებდა.

პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება, - ამის შესახებ ზაზა თავაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პლენუმის წევრებს, რომლებმაც მას მხარი დაუჭირეს. ზაზა თავაძემ არ გაასაჯაროვა რომელმა ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი მის კანდიდატურას. " ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და იმავდროულად ძალიან დიდი პატივი. რაც შეეხება იმას, თუ რა იქნება პრიორიტეტები, რა თქმა უნდა პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება. ვგულისხმობ, არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება რაც შეიძლება სწრაფად მიხედვა, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის გარანტირებული დაცვა", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

საქმემან შენმან გამოგაჩინონ შენ, - ასე უპასუხა საკონსტიტუციო სასამართლოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომ არსებობს მოსაზრება, თითქოს ის ვერ შეძლებს ნეიტრალური პოზიციის შენარჩუნებას და მოხდება ხელისუფლების ინტერესების გატარება. "ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებელი, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

მაღალი ინტერესის მქონე საქმეებზე კომენტირების დროს ზაზა თავაძემ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის ყველა საქმე ერთი და იგივეა, რადგანაც ის ადამიანის უფლებებს ეხება. "ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, განურჩევლად ყველა ადამიანისა, არის ერთი და იგივე. შესაბამისად, ჩვენ ვიმოქმედებთ კანონით დადგენილი წესით", - აღნიშნა ზაზა თავაძემ.

ზაზა თავაძე 2010 წლის 30 მარტს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად დაინიშნა. პლენუმის მიერ პირველად 2010 წლის 15 ივნისს, მეორედ კი 2015 წლის 10 ივნისს არჩეულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილედ და მეორე კოლეგიის თავმჯდომარედ. 2008-2010 წლებში ზაზა თავაძე იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2007 წლის მარტიდან 2008 წლის თებერვლამდე საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

2004 წელს კი საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა.

 

myquiz