მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მითქვამს, რომ საქართველოში არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი - არასდროს მითქვამს, რომ საქართველოში არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი

წინასაარჩევნო გამოსვლებში მე არასდროს მითქვამს, რომ არჩევნების პირველი ტურის დასრულებამდე ჩამოვიდოდი საქართველოში, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქში" ვიდეომიმართვაში განაცხადა.

"საქმე იმაშია, რომ პირველი ტურის დასრულებამდე თუ ჩამოვიდოდი, იგივე ის ხალხი, ვინც მიკიჟინებს, თუ რატომ არ ჩამოვედი, გამომაცხადებდა სახიფათო პროვოკატორად და ივანიშვილს მიეცემოდა საფუძველი დავედანაშაულებინე მე პირადად და ჩვენი მომხრეები სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირებაში.

ჩემი პოზიცია იყო ყოველთვის ძალიან ნათელი - ჩვენ ვაპირებდით პირველ ტურში გამარჯვებას, შემდეგ ვაპირებდი ჩამოსვლას მეორე ტურისთვის და ასევე არჩევნების დაცვაში მონაწილეობის მიღებას. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა - უპრეცედენტო მასშტაბის მანიპულაციები და გაყალბება პირველი ტურის. რეაგირება ამაზე როგორი უნდა მოხდეს, ეს არის ადგილზე მყოფი ლიდერების და აქტივისტების გადასაწყვეტი, იმიტომ, რომ ისინი უკეთესად ხედავენ.

ერთი რამ ჩემთვის დღესავით ნათელია - "ნაციონალურმა მოძრაობამ" მანიპულაციების და გაყალბების გათვალისწინებით მიიღო 600 ათასზე მეტი ხმა. ეს არის ძალიან ბევრი ამ რეპრესიების და ზეწოლის პირობებში", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ხალხმა გაიგო, რომ "ივანიშვილმა ჩაიდინა დიდი მანიპულაციები და გაყალბება".

"ეს საქართველოში პრაქტიკულად ყველამ იცის. ეს არის შეუქცევადი პროცესი რუსი ოლიგარქის მმართველობის დასუსტების, მიუხედვად იმისა, ვინ რას ფიქრობს. საბოლოო ჯამში ეს მიგვიყვანს გამარჯვებამდე. ახლა მნიშვნელოვანია ერთიანობა, საბრძოლო განწყობა, არ შეპუება ამ აფიორასთან, გაყალბებასთან და ზეწოლასთან. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ არშეპუება და საბოლოო ჯამში ყველაფერი გამოგვივა. აბა თქვენ იცით",- განაცხადა სააკაშვილმა.

myquiz