რა მიზნით და რა ფორმატში შეიძლება, გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია | Allnews.Ge

რა მიზნით და რა ფორმატში შეიძლება, გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია

საქართველოს პრეზიდენტი მზადაა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად სამუშაო ჯგუფი დააფუძნოს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, გიორგი მარგველაშვილი მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციატივას და მზადაა, საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების მოსამზადებლად დააფუძნოს სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანათავმჯდომარეობით და დღესვე დაიწყოს კონსულტაციები სამუშაო ჯგუფის საქმიანობის წესსა და სტრუქტურაზე.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრის განცხადების სულისკვეთება, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ხსენებულ თემაზე სპეკულაციების დასრულებას და ამავდროულად მოხსნის ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს.

"ჩვენ სრულიად ვიზიარებთ იდეას, რომ აღნიშნულ ჯგუფს უნდა ჰქონდეს ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფო მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი, რომელიც ამავდროულად არ არის არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი, მზად არის დააფუძნოს აღნიშნული სამუშაო ჯგუფი. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გავითვალისწინოთ წინა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის გამოცდილება იმისათვის, რომ აღნიშნული ახალი საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფი არ იყოს ისეთივე არაეფექტიანი, როგორც ეს წინა საკონსტიტუციო კომისია იყო", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს კონსტიტუცია გადაისინჯოს ფართო ჩართულობით, ფართო კონსენსუსის საფუძველზე და სწორედ ამისათვის, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, - ამის შესახებ "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის შესახებ პრემიერის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, ეს შეიძლება იყოს კომისია ან სხვა მსგავსი ფორმატი, რაზეც დღეს ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა.

"ეს სამუშაო ჯგუფი აუცილებლად შეიქმნება. კიდევ ერთხელ ფართო კონსენსუსის საფუძველზე უნდა გადაისინჯოს საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ არც ერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არ გვაქვს კონსტიტუციის არც ერთ ნორმასთან მიმართებით. საჭიროა მუშაობა თითოეულ ნორმასთან დაკავშირებით. ცვლილებები შეიძლება შეეხოს ცალკეულ ნორმას, შეიძლება შეეხოს მთელ რიგ ზოგად საკითხებს", - განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება მმართველობის ფორმას, კობახიძის განცხადებით, არ ჰგონია, რომ ამას შეეხოს ძირეული ცვლილებები.

"ჩვენ გადავედით არსებითად საპარლამენტო მოდელზე და ვფიქრობთ, რომ სამუშაო ჯგუფში შევჯერდებით დაახლოებით ისეთივე მმართველობის ფორმაზე, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული. მთავარია, რომ დაიხვეწოს საქართველოს კონსტიტუცია. არაერთი ნორმა არის დასახვეწი ჩვენს კონსტიტუციაში. გახსოვთ, რომ 2010 წელს "ნაციონალურმა მოძრაობამ" თავის თავს და პირადად მიხეილ სააკაშვილს მოარგო ეს დოკუმენტი და საჭიროა ცვლილებების შეტანა, რათა დაიხვეწოს დოკუმენტი და რათა იყოს უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ჩვენი კონსტიტუციით. ეს არის მთავარი ამოცანა.

ქვეყანამ არ უნდა იცხოვროს მიხეილ სააკაშვილის თავზე მორგებული კონსტიტუციით, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძისთვის უცნობია, რა ფორმატში შეიძლება წარიმართოს საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობა და როგორც აცხადებს, ამასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ ნაადრევია.

"ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ კონსტიტუცია ნამდვილად ხარვეზიანია. მასში 2004 წლიდან არაერთი ცვლილება შევიდა. ყოფილმა ხელისუფლებამ კონსტიტუცია პირდაპირ მოირგო თავის თავზე და შემდგომ იმდენად გაზარდა კვორუმი, რომ შესაძლებლობაც არ იყო, რაიმე ცვლილებებზე გვეფიქრა.

იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვქონდა პოლიტიკური ნება ემუშავა სახელმწიფო საკონსტიტუტიცო კომისიას, გარკეული შედეგები დაედო მას და ცვლილების პროექტი პარლამენტისთვის წარედგინა, კომისია იმთავითვე განწირული იყო, რადგან თავად კომისიის წევრებისათვის იყო დემოტივატორი ის, რომ პარლამენტი ამ ცვლილებებს ვერადროს მიიღებდა. "ნაციონალური მოძრაობა" იყო დესტრუქციის რეჟიმში, ისინი არ თანამშრომლობდნენ და არანაირი ტიპის ცვლილების გაგება არ სურდათ", - განაცხადა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების პერიოდში კონსტიტუცია იმდაგვარად დამახინჯდა, რომ ამის იქით დამახინჯება, შეუძლებელია.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში ცვლილებები ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის ბალანსის, ურთიერთკონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს და მოხდეს საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელთან დაახლოება.

"სწორედ დღეს მოქმედებს ისეთი ნორმები, რომელიც ქმნის საფრთხეებს და ამის გამოსწორების შანსი ეძლევა "ქართულ ოცნებას". ეს არ არის შესაძლებლობა, რომელიც ხელისუფლებას ყოველთვის შეიძლება ქონდეს - ეს არის სწორედ საზოგადოების გადაწყვეტილება და მისი დიდი მხარდაჭერის შედეგი, რაც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ და დავინახოთ, როგორც შანსი. კონსტიტუცია თავად აწესებს, თუ როგორ უნდა მოხდეს კონსტიტუციის გადასინჯვა.

ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო ცვლილებების საჯარო, სახალხო განხილვები, რათა ცვლილებები არ იყოს ერთი პოლიტიკური ძალის ნების გამომხატველი და იყოს საზოგადოებასთან ფართო კონსესუსის შედეგი. იქნება საკონსტიტუციო კომისიის ფორმატი თუ იქნება სახალხო განხილვები, რასაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, რა თქმა უნდა, ამაზე შევთანხმდებით. ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა გადაწყდეს საზოგადოებასთან თანხმობის საფუძველზე და არამც და არამც ხელის გადაგრეხვით", - განაცხადა კობახიძემ.

ერთ-ერთი საკონსტიტუციო ნორმა, რომელიც კობახიძის აზრით, ცვლილებების შეტანასა და დახვეწას საჭიროებს, მთავრობისათვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურებია.

myquiz