პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა კვლავ აქტუალურია | Allnews.Ge

პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა კვლავ აქტუალურია

თუკი პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება, ამაში არანორმალურს ვერაფერს ვხედავ - ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

დეპუტატმა აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარლამენტის მომავალ თავმჯდომარესთან და სხვა საპარლამენტო თანამდებობებთან დაკავშირებით მსჯელობა ჯერ არ გამართულა.

"მე შემიძლია დავახასიათო ირაკლი კობახიძე და ვთქვა, რომ ის არის საკმაო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მუშაკი, ადამიანი შესანიშნავი გამოცდილებით, შესანიშნავი ადამიანური თვისებებით და ძალიან მაღალი დონის განათლებით. მასთან დაკავშირებით სხვას ვერაფერს ვიტყვი. თუკი ის განიხილება პარლამენტის თავმჯდომარედ, ამაში არანორმალურს ვერაფერს ვხედავ - ეს საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ ამ თემაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს.

შეიძლება კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყოს. უახლოეს პერიოდში პრემიერ-მინისტრის და პარტიის გენერალური მდივნის მოსაზრებები გვეცოდინება. მეც მექნება შესაძლებლობა კოლეგებს საკუთარი მოსაზრება გავუზიარო. ამ მოსაზრებების განხილვა მრგვალ მაგიდასთან ჯერ არ მომხდარა", - განაცხადა ვოლსკიმ.

მმართველი პარტიის წარმომადგენლის მოსაზრებას ოპოზიციური ძალები არ იზიარებენ. "რესპუბლიკური პარტიის" წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს დავით უსუფაშვილის ტოლფასი, ან უკეთესი კანდიდატი, ამიტომ სულ ერთია, პარლამენტის თავმჯდომარე ვინ იქნება. ირაკლი კობახიძის კანდიდატურაზე საუბრისას ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ახალი ფიგურის შეფასება ამ ეტაპზე გაუჭირდება.

კითხვაზე, სხვა რომელი კანდიდატურა წარმოუდგენია ამ პოსტზე, ბერძენიშვილმა უპასუხა, რომ ეს "ქართული ოცნების" გადასაწყვეტია.

არც ერთზე არ მაქვს ისეთი აზრი, რომ ვინმე შეიძლება შეედაროს უსუფაშვილს, მაგრამ მათი საქმეა, შეიძლება ჩვენ ვცდებით, და შეიძლება ამ ახალგაზრდებში იპოვონ ვინმე.

"ეს ჩვენი გადასაწყვეტი აღარ არის. ჩვენ მივიღეთ ჩვენი პროცენტი, "ქართული ოცნება" ვისაც ჩათვლის სწორად იმას დანიშნავს და იმას მიესალმება ამომრჩეველი, რომელმაც მათ ანდო ეგ ამბავი", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ჩემი გემოვნებაა დათო უსუფაშვილი, თუმცა საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლობაა, რომ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გახდეს. განცხადება ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო გოგუაძემ, პარლამენტის მომავალ თავმჯდომარედ სავარაუდოდ ირაკლი კობახიძის არჩევის საკითხის შეფასებისას განაცხადა.

როგორც გოგუაძემ აღნიშნა, პარლამენტის თავმჯდომარე გახდება ის, ვისზე პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აიღო და აირჩია უმრავლესობაში.

"ეს არის საზოგადოების და მოსახლეობის პასუხისმგებლობა, რადგან თითოეული არჩევანი არის პასუხისმგებლობა. როგორი პარლამენტის თავმჯდომარე იქნება ირაკლი კობახიძე ამას დრო გვიჩვენებს. ფაქტია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა "ქართული ოცნების" ხელში დიდი ალბათობით იქნება, ასე რომ ამაზე პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობამ აიღო. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ დათო უსუფაშვილი გაცილებით უფრო კვალიფიციური და კარგი პარლამენტის თავმჯდომარე იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა შესაძლო კანდიდატი, რომელიც ახლა იქნება.

მე ირაკლი კობახიძესთან როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთან მქონია შეხვედრა, ასევე სატელევიზიო ეთერებში მის გამოსვლას ვაფასებ. ის იმ პოლიტიკური გუნდის აღმასრულებელი მდივანია და ისეთი კვალიფიკაციისაა, რომელსაც ქართველმა ხალხმა მისცა ხმა. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემი გემოვნება არის დათო უსუფაშვილი, მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის პასუხისმგებლობაა, რომ შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს ირაკლი კობახიძე", - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

პოლიტოლოგ ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით, ირაკლი კობახიძე წესიერი ადამიანი და კარგი კონსტიტუციონალისტია. პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ კობახიძე ოპოზიციასთან ურთიერთობას დაარეგულირებს.

"ვერ გეტყვით პარტიულ საქმიანობაში "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის პოსტზე როგორ გამოამჟღავნა საკუთარი თავი, მაგრამ მგონია, რომ კარგი კანდიდატურაა. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება და პარლამენტი ფაქტობრივად, ერთპარტიული იქნება გადაწყვეტილებების მიღებისას, თუმცა, ვფიქრობ, ოპოზიციასთან ურთიერთობასაც დაარეგულირებს. არ მგონია, რომ ეს პრობლემას წარმოადგენდეს.

საერთო ჯამში, ვთვლი, რომ ნორმალური კანდიდატურაა და იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა კაცია, არ ვიტყოდი უარს, რომ ის იყოს პარლამენტის თავმჯდომარე.

თუმცა არის პრობლემა, რომელსაც ჰქვია გამოუცდელობა საპარლამენტო საქმიანობაში, მაგრამ, ალბათ, ეს დაძლევადია", - განაცხადა ძაბირაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ხისტ პოზიციებს სხვა პარტიებთან მიმართებაში, პოლიტოლოგი ამას "ქართულ ოცნებაში" მისი პოსტით ხსნის.

"პოსტი, რომელიც მას პარტიაში ეკავა, ითხოვდა, რომ სხვა პარტიების მიმართ დამოუკიდებულება ყოფილიყო ხისტი. ცხადია, არჩევის შემთხვევაში, მან უნდა გაიაზროს, რომ პარლამენტის თავმჯდომარეა, არამხოლოდ "ქართული ოცნების" ფრაქციის, არამედ პარლამენტის ყველა დეპუტატის. ამას, იმედია, გაიაზრებს, ვინაიდან ადამიანები, ვინც კონსტიტუციის მიმართულებით მუშაობენ, ყოველთვის ეძებენ ბალანსს.

ამიტომ ეს არამარტო ხასიათში, არამედ განათლებაშიც აქვს ჩადებული და იმედია, მიხვდება, რომ ხისტი დამოკიდებულება ყოველთვის მხოლოდ მას ავნებს და არა მის ოპონენტებს, რომლებიც, რა თქმა უნდა, შეეცდებიან გამოიყვანონ წყობიდან და წინასწარ შემიძლია გავაფრთხილო, რომ ერთ-ერთი მიმართულება მათი საპარლამენტო მოღვაწეობის ეს იქნება", - აღნიშნა ძაბირაძემ.

ირაკლი კობახიძემ შესაძლოა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტი დაიკავოს

არსებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" შესაძლოა ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილოს. "ქართულ ოცნებაში" პარტიის ცალკეული წევრები, მათ შორის დეპუტატები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მმართველი პარტია პარლამენტის თამჯდომარედ სწორედ კობახიძეს წარადგენს, რომელსაც საარჩევნო სიაში მესამე ადგილი უკავია და მას შემდეგ რაც, გიორგი კვირიკაშვილი და კახა კალაძე აღმასრულებელ ხელისუფლებას დაუბრუნდებიან, სიის ლიდერად რჩება.

myquiz