როგორ გადანაწილდება საპარლამენტო მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის | Allnews.Ge

როგორ გადანაწილდება საპარლამენტო მანდატები პოლიტიკურ პარტიებს შორის

წინასწარი შედეგების მიხედვით, პროპორციული სიით "ქართული ოცნება" პარლამენტში 44 მანდატს, "ნაციონალური მოძრაობა" 27-ს, "პატრიოტთა ალიანსი" კი 6 მანდატს მიიღებს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგებით, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 48,67 %, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 27,11 %, "პატრიოტთა ალიანსმა" კი 5,01 % მიიღო, რაც ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობის დამდგენი წესის მიხედვით, სწორედ მანდატების აღნიშნულ რაოდენობას შეადგენს.

უფრო კონკრეტულად, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის ნაწილდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ბარიერგადალახულ პარტიათა პროპორციული მანდატების რაოდენობას შემდეგი წესით დააგენს: - პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდება და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. პარტიული სიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობას მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი წარმოადგენს.

ამასთან, თუ პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 77-ზე ნაკლები აღმოჩნდა, გაუნაწილებელი მანდატები პირველ რიგში მანდატების რაოდენობის 6-მდე შესავსებად, რიგრიგობით იმ საარჩევნო სუბიექტებს უნდა დაემატოს, რომელთა მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა 6-ზე ნაკლებია. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია იმ სუბიექტებზე, რომლებმაც პარლამენტის წევრთა მანდატების განაწილების შემდეგ იმაზე ნაკლები რაოდენობის მანდატი მიიღეს, რაც ფრაქციის შექმნისთვის არის საჭირო.

აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, "ქართული ოცნების" მიერ პროპორციულ არჩევნებში მოპოვებულ 44 მანდატს მაჟორიტარული წესით ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული 23 მანდატიც ემატება, რომელიც მმართველ ძალას უკვე გარანტირებულად აქვს, ვინაიდან 73 მაჟორიტარული ოლქიდან 23-ში არჩევნები პირველივე ტურში დასრულდა და ყველა შემთხვევაში გამარჯვება "ქართული ოცნების" კანდიდატებმა მოიპოვეს. შესაბამისად, ამ წუთის მდგომარეობით, მმართველ პარტიას პარლამენტში ჯამურად 67 გარანტირებული მანდატი აქვს.

რაც შეეხება მაჟორიტარული წესით არჩევნებისთვის განსაზღვრულ დარჩენილ 50 მანდატს, როგორ გადანაწილდება ის, არჩევნების მეორე ტურის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით არჩევნების მეორე ტური სწორედ 50 მაჟორიტარულ ოლქში უნდა გაიმართოს, საიდანაც 18 თბილისის, 32 კი რეგიონების ოლქია.

myquiz