ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე? | Allnews.Ge

ვინ გახდება პარლამენტის თავმჯდომარე?

არჩევნების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც პარლამენტში 3 პარტია - "ქართული ოცნება", "ნაციონალური მოძრაობა" და"პატრიოტთა ალიანსი" მოხვდა, მთავარ ინტერესს პარლამენტის მომავალი თავმჯდომარის ვინაობა წარმოადგენს.

საზოგადოების გარკვეულ წრეებში თავმჯდომარეობის რამდენიმე სავარაუდო კანდიდატურაზე საუბრობენ. ესენია: მანანა კობახიძე, გია ვოლსკი, თამარ ჩუგოშვილი და ირაკლი კობახიძე.

ALLNEWS.GE-ი შეეცადა გაერკვია თუ როგორია არსებული მოლოდინი - ვის აქვს ყველაზე მეტი შანსი გახდეს დავით უსუფაშვილის შემცვლელი?

პოლიტოლოგების პროგნოზით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს დიდი ალბათობით, ირაკლი კობახიძე დაიკავებს.

გია ხუხაშვილის შეფასებით, ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს პარლამენტში დავით უსუფაშვილის რანგის სახელმწიფო მოღვაწე არ გვყავს.

"გამომდინარე "ქართული ოცნების" ბუნებიდან და იმ აქტივობებიდან რასაც ვუყურებდით, ძალიან მაღალი ალბათობით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იქნება. დღეს, პარლამენტის ხარისხმა არათუ აიწია, არამედ დაიკლო. როდესაც თავმჯდომარის სახით თამასა დაიწევს, ბუნებრივია ყველა სხვა პოზიციაზეც იგივე მოხდება," - აღნიშნა ხუხაშვილმა.

თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურას ვარაუდობს GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძეც.

"ამდენი ხანი ტყუილად იყო ტელევიზორში? ხალხს შეაჩვიეს. საზოგადოებამ თვალი შეაჩვია,"- ამბობს შარაშენიძე.

ცესკოს ბოლო მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში "ქართულმა ოცნებამ" ამომრჩეველთა ხმების 48.6% მიიღო, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" – 27.14%.

უახლესი შედეგებით, ხმების 5% აქვს "პატრიოტთა ალიანსს".

თაია არდოტელი

myquiz