ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო - თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვებზე | Allnews.Ge

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო - თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვებზე

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო, - ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა, "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო კამპანიაში მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩართვების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, ხელისუფლებას ასევე არ აქვს პასუხი გაცემული კითხვაზე, თუ რატომ არ უგზავნის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ოდესის ოლქის გუბერნატორის გამონათქვამებისა და საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევის გამო საპროტესტო ნოტას.

"ჯერ კიდევ მაშინ როცა მინისტრი ვიყავი, როდესაც მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა ინტერვიუ "ბიბისი"-ს "ჰარდ თოლქში", სადაც ქართულ სახელმწიფოზე განახორციელა შეტევა, მაშინ მთავრობის სხდომაზე მოვითხოვე საგარეო საქმეთა მინისტრისგან უკრაინაში ნოტის გაგზავნა. იმ დღიდან მოყოლებული, შემდეგ ჩვენ ძალიან ბევრი ასეთი შემთხვევა გვქონდა და ყოველ ჯერზე ჩემი მხრიდან ეს მოთხოვნა გამეორებული იყო. სამწუხაროდ, მე ვერ მივიღე მაშინ თანხმობა საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, ჩემთვის გაუგებარია მიზეზები. ვერც მაშინ მთავრობის სხდომაზე ვერ ამიხსნეს და ვერც დღეს საზოგადოებას ვერაფერი ვერ უთხრეს იმის პასუხად, რატომ არ აკეთებენ ამას", - განაცხადა ხიდაშელმა.

ირღვევა თუ არა კანონი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობით?

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გამოსვლების გამო, როგორც თავდაცვის მინისტრმა უარი თქვა უკრაინაში ვიზიტზე, მანამ სანამ უკრაინის საგარეო უწყება ბოდიშს არ მოიხდიდა, მათი ქვეყნის ერთ-ერთი გუბერნატორის მიერ, მეგობარი ქვეყნის მიმართ გაკეთებული გამნათქვამების გამო. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ჩართვების საკითხზე, შესაძლებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის პასუხისმგებლობაზე საუბარი, თუმცა მის თქმით, აქ მთავარი ხარვეზიანი კანონმდებლობაა.

"ამ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში, ჩვენ ძალიან ბევრი ხარვეზი ვნახეთ ცესკოს საქმიანობაში.

თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დამდგარიყო.

მაგრამ ამ პასუხისმგებლობას საარჩევნო პროცესთან არაფერი საერთო არ აქვს, რადგან კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით ხარვეზიანია. ჩვენ ამ საარჩევნო კამპანიამ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა გვაჩვენა, სადაც კანონი რაღაცას კი კრძალავს, მაგრამ თუ ამ აკრძალულ ქმედებას ჩაიდენ, მერე რა ხდება ეს არანაირ გავლენას არ ახდენს ამ საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო მარათონზე. მე არც ერთი საჩივარი, საარჩევნო ადმინისტრაციაში, კამპანიის მიმდინარეობისას არ შემიტანია, მიუხედავად იმისა, რომ თუ საარჩევნო კოდექსს გავყვებით, პრაქტიკულად არ დარჩენილა მუხლი, რომელიც არ დაარღვია ჩემს საარჩევნო კამპანიასთან მიმართებაში "ქართული ოცნების" კანდიდატმა. იქიდან გამომდინარე, რომ კანონით გათვალისწინებული რეაგირება იმდენად არასერიოზულია, დროისა და ადამიანური რესურსის ხარჯვა აბსოლუტურ უაზრობად ჩავთვალე", - განაცხადა ხიდაშელმა.

მისივე თქმით, კანონდარღვევისთვის სარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საფრთხე, რეალურად უფრო ქმედითი მექანიზმი იქნება პრევენციისთვის, ვიდრე თუნდაც ფულადი ჯარიმები, ვინაიდან პარტიას შესაძლოა აქვს იმის რესურსი, რომ აღნიშნული ჯარიმა არაერთხელ გადაიხადოს.

myquiz