საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებზე მისვლისკენ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მოუწოდა | Allnews.Ge

საქართველოს პრეზიდენტმა არჩევნებზე მისვლისკენ ახალგაზრდებს კიდევ ერთხელ მოუწოდა

არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ახალციხეში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც საჯარო ლექცია წაიკითხა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, ლექცია ქვეყნის განვითარების პროცესში არჩევნების, ამომრჩეველთა აქტივობის მნიშვნელობას და სამოქალაქო ვალდებულებებს ეხებოდა.

გიორგი მარგველაშვილმა პირველკურსელებს არჩევნებზე მისვლისკენ და მათი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ არჩევნები ქვეყნის განვითარების შესაძლებლობის მიმცემი პროცესია, რომელში მონაწილეობაც საქართველოს მოქალაქეების პირდაპირი ვალდებულებაა.

"მე არ მოგიწოდებთ, რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, ან პარტიას მისცეთ ხმა, ამ პროცესში ყველაზე უმთავრესი, თქვენი მონაწილეობაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს მიზნისკენ სწრაფვის შესაძლებლობას მისცემს. თქვენი არჩევანი დამოუკიდებელი უნდა იყოს და დამოუკიდებელი არჩევანის შესაძლებლობა კი ჩვენი წინა თაობების მონაპოვარია. ჩვენ უნდა დავაფასოთ ეს უფლება. არჩევნებში მონაწილეობის პროცესში ხორციელდება დემოკრატია და იწყებს მუშაობას დემოკრატიული სახელმწიფო",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმით, მოსახლეობა სჯის საკუთარ თავს და საკუთარ სამშობლოს, საკუთარ თავს ართმევს დემოკრატიული, პოლიტიკური პროცესების მართვის უფლებას.

საქართველოს პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას, პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით ჩამოაყალიბონ რამდენიმე ძირითადი კრიტერიუმი და არჩევნებზე გადაწყვეტილება სწორედ ამის მიხედვით მიიღონ.

"მე გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებლად გავითვალისწინებ პარტიის საგარეო კურსს, მის ეკონომიკურ პროგრამას და სასამართლო რეფორმისადმი მის დამოკიდებულებას. ეს სამი მიმართულებაა ჩემთვის გადამწყვეტი", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

მარგველაშვილი ურჩევს პოლიტიკურ პარტიებს, წინასაარჩევნო პერიოდში გადასახლდნენ რეგიონებში, იცხოვრონ სოფლებში, გაეცნონ მოსახლეობის პრობლემებს და გაითვალისწინონ საზოგადოების დაკვეთა.

myquiz