მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს | Allnews.Ge

მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას აპირებს

ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, როგორც კი მთავრობა აღიარებს, რომ ერთ-ერთ რეგიონში არჩევნები წაგებული აქვს, ე.ი. ყველაფერი წაგებული აქვს.

"ამბობენ, რომ კარგი, სამეგრელოში და აჭარაში "ნაციონალები" მოიგებენ, ეგრე არ არის, როგორც კი მთავრობა აღიარებს, რომ ერთ-ერთ რეგიონში არჩევნები წაგებული აქვს, ე.ი. ყველაფერი წაგებული აქვს. გურიაშია ძალიან მაგარი სიტუაცია. გურიაში არანაკლები სიტუაციაა, ვიდრე სამეგრელოში. სამტრედიაში პრაქტიკულად პირველი ტურში 50%-ზე მეტს მივიღებთ. ქუთაისს ძალიან მყარად ვიგებთ", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს მისი საქართველოში ჩასვლის პანიკურად ეშინია.

"ნამდვილად ვაპირებ საქართველოში ჩასვლას და ნამდვილად ვაპირებ არჩევნების შედეგების დაცვას იმიტომ, რომ ძალიან მარტივია - რატომ არის, რომ ივანიშვილი დღე და ღამე იძახის, სააკაშვილი თუ ჩამოვა, დავიჭერთ, სააკაშვილს ასეთ საკანში ჩავსვამ, ისეთ საკანში ჩავსვამ, შუქს გამოვურთავ, ჩავურთავო, რაღაც სისულელებს იძახის. პანიკურად ეშინია ჩემი ჩასვლის. აუცილებლად უნდა გავუკეთო ის, რისიც მას პანიკურად ეშინია და მაშინ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება", - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ბიძინა ივანიშვილს "პუტინის ხელის ბიჭს" უწოდა.

"თუ დააკვირდით, ერთხელ არ დაელაპარაკა მას პუტინი. რატომ უნდა დაელაპარაკოს? პუტინისთვის ის არის "ხელის ბიჭი". მიუგდო თავის ფული და უთხრა, აჰა, ჩამომაშორე სააკაშვილიო. ბევრად მეტ პატივს გვცემდა ჩვენ, როგორც მტერს, ვიდრე ამ "ხელის ბიჭებს". მარტივი მიზეზის გამო იმიტომ, რომ როგორც ივანიშვილი ჯაჭვლიანს ეპყრობა, რომელსაც უბრალოდ ინახავს, ასევე პუტინი ივანიშვილს ეპყრობა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ "მისი გული საქართველოს ეკუთვნის".

myquiz