ევროსასამართლოში წარდგენილ კანდიდატურათა სიის დაწუნებას საქართველოში გამოხმაურება მოჰყვა | Allnews.Ge

ევროსასამართლოში წარდგენილ კანდიდატურათა სიის დაწუნებას საქართველოში გამოხმაურება მოჰყვა

ვისურვებდი, რომ მოსამართლის უფლებამოსილების ვადის დამთავრებამდე საქართველოს ჰქონდეს შესაძლებლობა, ღირსეული კანდიდატით წარსდგეს ევროპის სასამართლოში, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილ კანდიდატებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ოფიციალური ინფორმაცია თუ რა ხდება მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით არ აქვს. ნინო გვენეტაძის განცხადებით, წარდგენილ მოსამართლეებზე უარის თქმის პრეცენდენტი  არ ყოფილა.

"ამ რანგში საკითხის დასმა, პრეცენდენტი ყოფილა თუ არა? ალბათ არ ყოფილა, მაგრამ ეს არის მათი პროცედურა, ეს პროცედურები უფრო და უფრო რთულდება ევროპის სასამართლოში, ამ დეტალებზე ნამდვილად არ მაქვს ინფორმაცია", - აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის, თქმით,  თუ დადასტურდება, რომ უარი ეთქვათ სამივე კანდიდატს, ეს იქნება სამწუხარო ქვეყნისთვის, თუ არ დადასტურდა ინფორმაცია და იანვარში იქნება კენჭისყრა, აირჩევენ იმას, ვისაც მიიჩნევენ სწორად.

ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს,- "გავრცელდა ორი სახის ინფორმაცია, ზუსტად არ ვიცი რომელი ინფორმაცია არის სწორი, ერთი მხარე საუბრობს, რომ უარი ეთქვათ ამ სამივე კანდიდატს, მეორე მხარე საუბრობს, რომ რეალურად კენჭისყრა გადაიდო იანვარში. მე არ მაქვს ინფორმაცია, თუ გჯერათ, საერთოდ არ დავინტერესებულვარ, არ მეხება. რეალურად არ ვიცი ინფორმაცია გამომდინარე იქედანაც, რომ მე არავითარი ურთიერთობა ამ თემაზე არ მქონია", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

მან ერთ-ერთი კანდიდატის ევა გოცირიძის შეფასებისას განაცხადა, რომ ის "დარგის ერთ-ერთი საუკეთსო სპეციალისტია.

"ევა გოცირიძე არის იმ დარგის ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტი, სადაც ის იქნა წარდგენილი. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები მან იცის ზედმიწევნით კარგად", - აღნიშნა ლევან მურუსიძემ.

აღნიშნულ საკითხს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილიც გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, როცა ევროსასამართლოში წარდგენილ კანდიდატურათა სია დაიწუნეს.

პაპუაშვილის განმარტებით, თავის დროზე უშუალოდ მისი კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, პიროვნული რევანშით იყო გამოწვეული.

"წყენები, რაც წარსულში იყო, დავივიწყოთ. მე უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი. რა თქმა უნდა, ჩემი დასჯა იყო ის, რომ ხუთეულშიც ვერ მოვხვდი. ეს საერთაშორისო და ქართველ ექსპერტებს უკვირდათ, მაგრამ ალბათ პიროვნული რევანში იყო, მაგრამ დავივიწყოთ - ყველაფერი გამოსწორებადია. უბრალოდ, კითხვის ნიშნის ქვეშ ქვეყნის პრესტიჟი დადგა. საქართველოს ისტორიაში მოხდა პირველად, რომ სია არის დაწუნებული. ეს არის სამწუხარო", - განუცხადა ჟურნალისტებს პაპუაშვილმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამართლეთა შესარჩევმა კომიტეტმა საქართველოდან წარდგენილ მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი არ დაუჭირა. კომიტეტი საქართველოს მიერ წარდგენილ სიას სავარაუდოდ, უკან დააბრუნებს და ახალი შემადგენლობის დასახელებას მოითხოვს.

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლედ საქართველოს მთავრობამ ევა გოცირიძის, ალექსანდრე ბარამიძის და გიორგი ბადაშვილის კანდიდატურები წარადგინა.

myquiz