მიხეილ მაჭავარიანის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სესხს არცერთი ბანკი არ მისცემს | Allnews.Ge

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სესხს არცერთი ბანკი არ მისცემს

"ქართულ ოცნებას" და მის ხელმძღვანელობას უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ მან მიიღო უფასო ფული, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი მიხეილ მაჭავარიანი "ბანკი ქართუს" მხრიდან "ქართულ ოცნებაზე" მილიონი ლარის გასესხებას.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" სესხს არცერთი ბანკი არ მისცემს.

"გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილი ძალიან ნერვიულობს 8 ოქტომბერზე, ასეთ დაბალ პროცენტში აძლევს სესხს ყოველგვარი უზრუნველყოფის გარეშე "ქართულ ოცნებას". "ქართულ ოცნებას" და მის ხელმძღვანელობას უკვე თამამად შეუძლია თქვას, რომ მან მიიღო უფასო ფული. შემიძლია ექსპერიმენტი ჩავატარო და სამ დიდ ბანკს მივწერო სესხზე, მაგრამ რომელი ბანკი მოგვცემს სესხს უზრუნველყოფის გარეშე, თან ასეთი რაოდენობის სესხს? ჩვენ 2014 წელს ვცდილობდით სესხის აღებას, გავაგზავნეთ წერილები ყველა ბანკში, უზრუნველყოფის სახით ვდებდით ჩვენს ოფისს, მაგრამ მაშინ ყველა ბანკმა გვითხრა, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციებით არ ჰქონდათ უფლება ასეთი სესხის გაცემის", - განაცხადა მაჭავარიანმა.

"ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუდან" მილიონი ლარი ისესხა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პარტია "ქართულმა ოცნებამ" ბანკ "ქართუდან" წინასაარჩევნო პერიოდში მილიონი ლარის ოდენობის სესხი აიღო. შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

დოკუმენტის მიხედვით, "ქართული ოცნების" მიერ "ქართუდან" სესხის აღება 9 სექტემბერს მოხდა.

მისი დაფარვის ვადა 4 თვე, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 11 %-ია.

სესხის უზრუნველყოფად მითითებულია საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც თავის მხრივ იმ პარტიების მიერ მილიონ ლარამდე გაწეული ხარჯების სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებას გულისხმობს, რომელმაც საარჩევნო ბარიერი გადალახა.

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში შემოვიდა პარტიების 3-კვირიანი დეკლარაცია. ამ შემთხვევაში უშუალოდ "ქართული ოცნების" ანგარიშები მოიცავს 31 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე პერიოდს. ჩვენ ვსწავლობთ ამ დოკუმენტაციას და უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ შესწავლილ მონაცემებს, იქამდე კი გადმოგზავნილი ფინანსური დეკლარაციები, რომელიც მოიცავს პარტიების მიერ გაწეულ ხარჯებსა და მიღებულ შემოსავლებს, ჩვენს ვებ-გვერდზე ავტვირთეთ", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

myquiz