გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რჩება | Allnews.Ge

გიორგი ვაშაძე პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში რჩება

გიორგი ვაშაძის მოძრაობა "ახალი საქართველო" საარჩევნო ბლოკში "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ვაშაძემ და პაატა ბურჭულაძემ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს.

ვაშაძის თქმით, ბლოკში მისთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო და ამ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი ჭირდებოდა.

"ჩემთვის ბევრი საკითხი მოულოდნელი იყო. მჭირდებოდა გავლა სხვადასხვა თემის, საუბარი სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით ბლოკში. ჩემთვის ერთი რამ არის მთავარი - დღეს ვარ აქ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ძალა, რომელიც იბრძვის გამარჯვებისთვის", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ერთიანობა და ერთიანი ძალებით ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში იყოს პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება.

"ვფიქრობ, რომ გუნდს, რომელიც შეკრულია ჩვენს გაერთიანებაში, კონკრეტული გეგმა, ხედვა და სტრატეგია აქვს, თუ როგორ განვითარდეს ქვეყანა. დღის მანძილზე გვქონდა საუბარი ამ თემებზე და მივიღე გადაწყვეტილება ჩემს თანაგუნდელებთან ერთად, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას საარჩევნო ბლოკის სახით ამ არჩევნებში და ვაპირებთ, რომ ძალიან მაგარი შედეგი დავდოთ", - აღნიშნა ვაშაძემ.

ბრიფინგამდე ვაშაძესა და ბურჭულაძეს შორის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" ოფისში კონსულტაციებიც გაიმართა. ბლოკის შემადგენლობაში ასევე რჩება "ახალი მემარჯვენეები".

პაატა ბურჭულაძის მოძრაობა – სახელმწიფო ხალხისთვის" "გირჩმა" დატოვა. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.

რატომ დატოვა "გირჩმა" ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი?

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებით კი, "გირჩს" ბლოკი მან პირადად დაატოვებინა. როგორც პაატა ბურჭულაძემ განაცხადა, ამის მიზეზი ბიძინა ივანიშვილის მიერ "გირჩის" დაფინანსება გახდა.

ბურჭულაძის თქმით, მას არ სურს იყოს არც სააკაშვილის და არც ივანიშვილის სატელიტი.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან. ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას", - განაცხადა გუშინ პაატა ბურჭულაძემ.

myquiz