გია ლორთქიფანიძე - 15 ოქტომბერს ჩამოვდივარ საქართველოში | Allnews.Ge

გია ლორთქიფანიძე - 15 ოქტომბერს ჩამოვდივარ საქართველოში

15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურეობრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში, - ამის შესახებ შს მინისტრის ყოფილი მოადგილის, ოდესის პოლიციის უფროსის გია ლორთქიფანიძის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც სასამართლოში მისმა ადვოკატმა გიორგი გელხაურმა წაიკითხა.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 15 ოქტომბერს საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გია ლორთქიფანიშე მზადაა გამოცხადდეს როგორც სასამართლოში, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.

განცხადებაში ლორთქიფანიძე ასევე აღნიშნავს, რომ მისთვის ბრალის წაყენება მოახლოებულ არჩევნებს უკავშირდება.

"ჩემი ბრალდების საქმე ეყრდნობა 2013 წელს დაკითხულ მოწმეებს და არავითარი ახალი მტკიცებულება ე.წ. 26 მაისის საქმეზე არ არსებობს. ამ საქმეზე რამდენჯერმე დაკითხული ვარ, მათ შორის სასამართლოში. 2016 წლის სექტემბერში, როდესაც პროკურატურაში დამიბარეს, მე ვიყავი უკრაინის უმაღლეს რადაში ძალინ მნიშვნელოვან საკომიტეტო მოსმენაზე, აქედან გამომდინარე, მე ვერ მოვახერხებდი ამ დროს საქართველოში ჩამოსვლას ჩემი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე... 15 ოქტომბერს ვიღებ სამსახურებრივ შვებულებას და ჩამოვდივარ საქართველოში", - ნათქვამია გია ლორთქიფანიძის განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლო ოდესის ოლქის პოლიციის უფროსის, შს მინისტრის ყოფილი მოადგილის გია ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. პროკურორები ლორთქიფანიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვენ იმ გარემოების გამო, რომ გია ლორთქიფანიძე არ თანამშრომლობს გამოძიებასთან და მიმალვაში იმყოფება.

შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს და ამჟამად კი ოდესის პოლიციის უფროსს პროკურატურა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება. ლორთქიფანიძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წაუყენეს. ბრალის წაყენებამდე ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე იყო დაბარებული და მას საგამოძიებო უწყებაში გამოცხადებისთვის გონივრული ვადა მიეცა, თუმცა გია ლორთქიფანიძე პროკურატურაში დაკითხვაზე არ გამოცხადდა.

myquiz