"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, არჩევნებში არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, არჩევნებში არადამაკმაყოფილებელი შედეგის შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს

"ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ 8 ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნება" "არადამაკმაყოფილებელ შედეგს" მიიღებს, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს დატოვებას აპირებს.

როგორც პარტიის ლიდერებმა ნიკა მელიამ და გიგა ბოკერიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სანდო წყარომ მიაწოდათ.

"რამდენიმე დღის წინ, ივანიშვილი შეხვდა მის უახლოეს გარემოცვას, რომელზეც დგას მისი არაფორმალური მმართველობა და მან პირდაპირ განაცხადა შემდეგი:

8 ოქტომბერს არადამაკმაყოფილები შედეგის შემთხვევაში იგი დატოვებს ქვეყნის ფარგლებს და ამ ყველაფრის შემდეგ დაიწყო ის, რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, გუშინწინ და განსაკუთრებით უკანასკნელი დღეების განმავლობაში. ჩვენი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში ივანიშვილმა პრაქტიკულად ყველა დარგი უკან დაწია და წინსვლა ვერც ერთ სფეროში ვერ განახორციელა, მის მიერ ქვეყნის დატოვება არჩევნების შემდეგ იქნება ძალიან ცუდი ქვეყნის განვითარებისთვის", - განაცხადა ნიკა მელიამ.

თავის მხრივ, გიგა ბოკერიამაც აღნიშნა, რომ "ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში".

"სანდო წყაროდან მიღებული ინფორმაციის გარეშეც კი, ყველასთვის ნათელი იყო, როგორ პანიკას, აგონიას და შიშს აქვს ადგილი ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან მომავალი მარცხის გამო. ჩვენ გვინდა მოვუწოდოთ ივანიშვილს და მის გარემოცვას, არჩევნებში მარცხის შემდეგ მათ არ დატოვონ საქართველო. ისინი უბრალოდ უნდა გადავიდნენ ოპოზიციაში. ეს მნიშვნელოვანია არა იმიტომ, რომ ეს სჭირდება ოპოზიციას და კარგია "ნაციონალური მოძრაობისთვის", არამედ იმიტომ, რომ ეს სჭირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ, ნორმალურ განვითარებას.

ნორმალურ, ევროპულ ქვეყნებში ხელისუფლებები მარცხის შემდეგ დევნილობაში კი არ მიდიან ან მითუმეტეს ციხეში, უბრალოდ გადადიან ოპოზიციაში. ჩვენი პოლიტიკური გუნდის ხელმძღვანელობაში არის სრული კონსენსუსი, რომ მიუხედავად არაერთი დანაშაულისა, მათ მიმართ არჩევნებში გარდაუვალი მარცხის შემდეგ არ უნდა განხორციელდეს სამართლებრივი დევნა. ეს სჭირდება ქვეყანას.

2012 წელს ჩვენს ისტორიაში პირველად მოხდა არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა - ეს ჩვენთვის ძალიან უსიამოვნო იყო, ჩვენ დავმარცხდით, მაგრამ ეს იყო აუცილებელი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. ოდესღაც ქვეყნის ხელისუფლება დემოკრატიული გზით უნდა შეცვლილიყო. ეს ტესტი მაშინ ქვეყანამ ჩააბარა, მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ: ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ვერ ჩააბარა მეორე ტესტი დემოკრატიის და შეგუებოდნენ იმას, რომ ყოფილი ხელისუფლება და ახალი ოპოზიცია არის ბუნებრივი ნაწილი მომავალი პოლიტიკური ცხოვრებისა მინიმუმ შემდეგ არჩევნებამდე.

2016 წლის 8 ოქტომბერს ჩვენ მეორედ შევცვლით, მშვიდობიანად და არჩევნების გზით ხელისუფლებას და საქართველო ჩააბარებს მეორე ტესტსაც - ანუ ჩვენ გვეყოლება ყოფილი ხელისუფლება ოპოზიციაში და არა ციხეში და დევნილობაში", - აღნიშნა ბოკერიამ და იქვე დასძინა, რომ ქვეყნისთვის იქნება ცუდი, "თუ ისინი გაიქცევიან".

myquiz