რატომ დატოვა "გირჩმა" ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი? | Allnews.Ge

რატომ დატოვა "გირჩმა" ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკი?

ახალმა პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" საარჩევნო ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის დატოვა," რის მიზეზადაც ადამიანური ურთიერთობებისა და ფინანსური პრობლემები დაასახელა.

პოლიტიკური ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "გირჩი" 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებს გამოტოვებს, მაგრამ პარტიად დარჩება. "ჩვენ დავრჩებით პარტიად, რომელმაც არსებობის ერთი წლის განმავლობაში შექმნა პოლიტიკური დღის წესრიგი საქართველოში. გირჩი რჩება პოლიტიკაში და განაგრძობს ბრძოლას იმ იდეებისა და ფასეულობებისთვის, რომლისაც სჯერა.

შევხვდებით შემდეგ არჩევნებზე," - აღნიშნულია განცხადებაში.

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მას პაატა ბურჭულაძე აშანტაჟებდა. თუ გირჩი ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, მათ წევრებს პარტიული და ბლოკის სიიდან ამოღებდნენ. "

პირველი პრობლემა გაჩნდა სიის შედგენის დროს. კონკრეტულად, იაგო ხვიჩიასთან მიმართებაში, როდესაც მისი "ფეისბუქსტატუსები" დაუდეს პაატა ბურჭულაძეს. თუმცა, მაშინ ამ პრობლემის მოგვარება შევძელით.

დღეს პაატა ბურჭულაძემ მითხრა, რომ სურდა "გირჩის" წევრების სიიდან ამოღება. ჩემზე არ იყო საუბარი. მან მითხრა, რომ მე ვიქნებოდი სიაში და შევიდოდი პარლამენტში. ეს ადამიანი მე მაშანტაჟებდა, რომ თუ "გირჩი" ვერ შეძლებდა გარკვეული ფინანსების მოძიებას, იმ შემთხვევაში "გირჩის" წევრები ამოღებული იქნებოდნენ პარტიული თუ ბლოკის სიიდან. რა თქმა უნდა, მე განვუცხადე უარი, ეს იყო შანტაჟი, მას თანხა არა ბლოკისთვის, არამედ პირადი მოხმარებისთვის სჭირდებოდა," - განმარტა ჯაფარიძემ.

რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, ბლოკის ლიდერის თქმით, "გირჩს" გაერთიანება თვითონ დაატოვებინა.

"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ "გირჩი" ამოვიღო სიიდან.

ორი საათის წინ დადასტურებულად გავიგე, რომ ეს პარტია არის ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებული. მე ამას ვერ მივიღებ. ეს არის მიზეზი. მე ვერც სააკაშვილისგან მივიღებ თანხას," - განაცხადა ბურჭულაძემ.

პაატა ბურჭულაძის განცხადებას "გირჩის" წევრმა, პავლე კუბლაშვილმა უპასუხა და ბლოკის ლიდერი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ბურჭულაძეს მხოლოდ საკუთარი ხელფასი და ფინანსები აინტერესებს.

"რაიმე საუბარი არც დღეს არც მანამდე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით არ გვქონია. პაატა ბურჭულაძე, როგორც ჩანს, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და ფიქრობს, რა მოიტყუოს რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან. მძიმე მდგომარეობაშია, რადგან ამ ადამიანს აქვს ძალიან დიდი ვალდებულებები თავისი თანაპარტიელების მიმართ, რომლებიც აგიტაციას აწარმოებენ. მას არ აინტერესებს ამ ადამიანების ბედი. მას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი ხელფასი, მხოლოდ საკუთარი ფინანსები. ის პოლიტიკაში მოდის ფინანსებისთვის,"-განმარტა კუბლაშვილმა.

"ახალი მემარჯვენეები" საარჩევნო ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვებას არ აპირებს. როგორც "მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა, არანაირი კითხვის ნიშანი მისი პოლიტიკური გუნდის ბლოკში დარჩენასთან დაკავშირებით არ არსებობს.

"ჩვენ არ ვიღებთ სპონტანურ გადაწყვეტილებას არც გაერთიანებაზე და არც განშორებაზე. არანაირი კითხვის ნიშანი ჩვენს ბლოკში დარჩენას არ აქვს. არანაირი ფიქრები და გეგმები ამ მიმართულებით არ გვაქვს. შესაძლოა მოხდეს გარკვეული მოულოდნელი თუ რადიკალური გადაწყვეტილებები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენც გადმოგვედება ანალოგიური. ჩვენ ბლოკში ვაგრძელებთ ყოფნას და სიმართლე გითხრათ, უფრო მეტი მოწადინებითაც", - განაცხადა კაციტაძემ.

ბურჭულაძის ინფორმაციით, ბლოკი შესაძლოა გიორგი ვაშაძის პოლიტიკურმა პლატფორმა "ახალმა საქართველომაც" დატოვოს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ცნობილი დღეს გახდება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, დღეს, 18:00 საათზე იწურება ვადა, როდესაც კანდიდატებს შეუძლიათ ოფიციალურად მოხსნან საკუთარი კანდიდატურა მაჟორიტარობიდან ან პარტიული სიიდან. ახალი პოლიტიკური ცენტრის განცხადებით, ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ, თუმცა პოლიტიკურ საქმიანობას პარტია აქტიურად გააგრძელებს.

myquiz