"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკითხვაზე გამოცხადებას არ გეგმავენ და სუს-ის წევრებს მათ ოფისში მისვლას სთხოვენ | Allnews.Ge

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები დაკითხვაზე გამოცხადებას არ გეგმავენ და სუს-ის წევრებს მათ ოფისში მისვლას სთხოვენ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მისვლას არ გეგმავენ. მათ დღეს პარტიის ოფისში მისული სუს-ის თანამშრომლებისგან დაკითხვაზე დაბარების უწყებები არ ჩაიბარეს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, პარტია არ აპირებს სუს-ის მიერ დადგმულ მასკარადში ჩაებას.

"ჩვენ ვუთხარით, რომ მზად ვართ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ საკითხზე, მათ შორის ამ ბოდვაზე, რომელიც ახლა თვითონ გამოამზეურეს, გავცეთ პასუხები. მობრძანდნენ ჩვენთან და დაგვკითხონ", - განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

სუს-ის თანამშრომლები, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში დაკითხვაზე დაბარების უწყებები მიიტანეს, შენობაში რამდენიმე წუთის განმავლობაში იმყოფებოდნენ, თუმცა უწყებები პარტიის წევრებმა არ ჩაიბარეს.

სანაცვლოდ, "ნაციონალური მოძრაობა" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თხოვნით მიმართავს და  მათი წარმომადგენლების დასაკითხად პარტიის ოფისში იწვევს.

როგორც პარტიაში განაცხადეს, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის მზად არიან, თუმცა წინასაარჩევნო პროცესიდან გამომდინარე გადატვირთული რეჟიმი აქვთ.

"სამართალდამცავ უწყებებთან, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ, მაგრამ, ვინაიდან ვართ წინასაარჩევნო პროცესში და გვაქვს გადატვირთული რეჟიმი, ვთხოვთ უწყებას, მოვიდნენ პარტიის ოფისში და აქ დაკითხონ ის პირები, რომლებიც მათთვის არიან საინტერესო. ეს არის დანერგილი პრაქტიკა და ჩვენ ამით არაფერ ახალს არ ვითხოვთ", - განაცხადეს "ნაციონალურ მოძრაობაში".

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა "ნაციონალური მოძრაობის" ორი წევრი - აკაკი მინაშვილი და ნუგზარ წიკლაური დაკითხვაზე დაიბარა.

როგორც სუს-ში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა, ისინი ინტერნეტში გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით დაკითხვაზე დღეს, 18:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ.

myquiz