ინტერნეტში აუდიოჩანაწერის გავრცელებისა და სავარაუდო დესტაბილიზაციის ფაქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან | Allnews.Ge

ინტერნეტში აუდიოჩანაწერის გავრცელებისა და სავარაუდო დესტაბილიზაციის ფაქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან

ამ ქმედებებისთვის პასუხი მოეთხოვება ყველა პირს, მათ შორის სააკაშვილსაც, - ასე გამოეხმაურა ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე დღეს გავრცელებულ ჩანაწერებს, რომელშიც სავარაუდოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შესაძლო დესტაბილიზაციაზე ესაუბრება.

კობახიძის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი არ უნახავს, თუმცა გუშინ "თავისუფალი ზონის" წევრების მიერ გაცხადებული ინფორმაცია არის საფუძველი, რომ გამოძიება დაიწყოს და დაიკითხოს ყველა პირი ვინც ამ ჩანაწერებში მონაწილეობს.

"ყველა კითხვა უნდა დაისვას, უნდა დაიკითხოს ყველა პირი, თუ ასეთი გეგმა არსებობდა ან არსებობს.  სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაული არის დასჯადი და ყველა პასუხს აგებს. არავითარი საფუძველი არ აქვს ქვეყანაში გადატრიალებას, რევოლუციებს, საზოგადოება ამას არ დაუშვებს. ხელისუფლებას აქვს ყველა პოტენციალი და შესაძლებლობა, რომ აღიკვეთოს ყველანაირი მცდელობა რაიმე ტიპის დესტაბილიზაციის. პასუხი მოეთხოვება ამ ქმედებისთვის ყველა პიროვნებას, მათ შორის სააკაშვილსაც", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

ჩანაწერის ერთ-ერთმა მონაწილემ, აკაკი ბობოხიძემ, სააკაშვილთან სატელეფონო საუბარის ფაქტი უარყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია ვოლსკის განმარტებით, არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და გეგმები, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს, ვერ იქნება რეალიზებული.

ვოლსკის თქმით, არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ, არამედ ნებისმიერ დროს სახელმწიფოს აქვს რესურსი, რომ არეულობა აღკვეთოს.

"რაც შეეხება მოლოდინებს, მაქვს მოლოდინი, რომ არჩევნები ჩატარდება მშვიდობიანად და ის გეგმები, რომელიც არსებობს, ვერ იქნება რეალიზებული, ვინაიდან საზოგადოება ამისთვის მზად არის და ზოგადად ამ ყველაფრის ორგანიზატორებიც ძალიან შორს არიან და მოწყვეტილი არიან რეალობას", - განაცხადა ვოლსკიმ.

ყველა ის ადამიანი, რომელიც სკამისთვის საკუთარ ხალხს და საკუთარი ქვეყნის მომავალს ყიდის, უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ გავრცელებული ჩანაწერის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

ინტერნეტში სავარაუდოდ მიხეილ სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის საუბრის ჩანაწერი ვრცელდება

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სახელმწიფო ამ ჩანაწერზე ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს და ავთენტურობის დადასტურების შემთხვევაში, ყველა დამნაშავე უმკაცრესად დაისჯება.

"ჩვენ დიდი ხანია საჯაროდ ვაცხადებთ, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" დემოკრატიულ არჩევნებში გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ რევოლუციური სცენარისთვის ემზადება. ამას ბევრი ინფორმაცია მოწმობს - გუშინ "თავისუფალი ზონის" ყოფილმა წევრებმაც განაცხადეს, რომ მათ პირადად სააკაშვილმა გააცნო სახელმწიფო გადატრიალების გეგმა. ბუნებრივია, სახელმწიფო მოახდენს ადეკვატურ რეაგირებას კანონის შესაბამისად დღეს გავრცელებულ ჩანაწერებზე.

სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების საუბრის ჩანაწერში სრულიად ნათლად ჩანს რამდენიმე ფაქტი: 
"ნაციონალური მოძრაობა" დარწმუნებულია "ქართული ოცნების" გამარჯვებაში და ზუსტად იცის, რომ თვითონ წარმატების შანსი არ აქვს.
"ნაციონალური მოძრაობა" სრულიად სერიოზულად ემზადება სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად.
 სააკაშვილისა და მისი თანამზრახველებისთვის კატეგორიულად მიუღებელია პოლიტიკური მმართველობის ნებისმიერი ფორმა გარდა ავტოკრატიისა. 


"ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ხელისუფლების უკანონოდ მოპოვებისთვის ყველაფერზე წავიდეს, დახოცოს უდანაშაულო ადამიანები, არიოს ქვეყანა და მომავალი დაუკარგოს საქართველოს. 
ამ ადამიანების შეცვლა და სწორ გზაზე დადგომა გამორიცხულია, მათ არც საკუთარი ქვეყნის და არც ქართველი ხალხის მიმართ სხვა განცდა არ გააჩნიათ, გარდა იმისა, თუ როგორ დაიმონონ ეს ქვეყანა და საკუთარი ძალაუფლებით სული როგორ ამოხადონ მის მოქალაქეებს", - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი ასევე ჩანაწერის შინაარსსა და საუბარში სავარაუდოდ მონაწილე პირებზეც ამახვილებს ყურადღებას.

"ჩანაწერში კარგად ისმის, ნაცვლად სირცხვილისა და სინანულისა, როგორი სიამაყით ამბობს კაკო ბობოხიძე, რომ გადატრიალებას პირველად არ გეგმავს და რომ გამსახურდიას ხელისუფლების წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების დაგეგმვაშიც აქვს მონაწილეობა მიღებული. ეს არის ამაზრზენი და სრულიად სამარცხვინო ფაქტი.
 ამ ჩანაწერში ისიც ჩანს, რომ მიუხედავად გადატრიალების სცენარზე არსებული კონსესუსისა, ბოკერიასა და სააკაშვილს შორის სერიოზული დაპირისპირებაა", - განაცხადა ბესელიამ.

ინტერნეტსივრცეში აუდიოჩანაწერის გამოქვეყნების ფაქტს "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი, ირაკლი ალასანიაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "თავისუფალი დემოკრატები", როგორც ჯანსაღი ძალა, ყველანაირ პროვოკაციას დაუპირისპირდება

როგორც ალასანიამ აღნიშნა, უშუალოდ ფარული ჩანაწერების შინაარსზე ის კომენტარს არ გააკეთებს.

"ჩვენ მივდივართ არჩევნებისკენ და ხალხს აქვს არჩევანი გასაკეთებელი რეალობას, წარსულსა და მომავალს შორის. "ქართული ოცნება" არის დღევანდელი რეალობა, რომელიც არავის არ გვინდა, რომ შენარჩუნდეს, "ნაციონალური მოძრაობა" არის წარსული, რომელშიც დაბრუნება არავის არ გვინდა. მომავალი გვინდა ერთად შევქმნათ და ამიტომ "თავისუფალ დემოკრატებს" ყველაზე მეტი შანსი გვაქვს გამარჯვების. "თავისუფალი დემოკრატები, როგორც ჯანსაღი ძალა ყველანაირ პროვოკაციას დაუპირისპირდება. დარწმუნებული იყოს ყველა, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება, ყველას ხმა იქნება დაცული და ჩვენ გავიმარჯვებთ როგორც პროგრესული ძალა", - აღნიშნა ალასანიამ.

ინტერნეტსივრცეში სავარაუდოდ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

უფრო კონკრეტულად, მიხეილ სააკაშვილის თქმით, გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ რევოლუციური სცენარი სწორია, თუმცა თუ ეს არ გამოვა, კოალიციებისთვის უნდა მოემზადონ, რასაც ექს-პრეზიდენტი არ ეთანხმება.

"ვისაც კოალიციებისთვის უნდა მომზადება, მოემზადოს. მე არანაირი სურვილი არ მაქვს, მაგისთვის არ ვიბრძვი", - აცხადებს სააკაშვილი აუდიოჩანაწერის თანახმად და იქვე დასძენს, რომ "რუსთავი მოამწიფებს ამ პიკს".

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

 

myquiz