ჩანაწერის ერთ-ერთმა მონაწილემ, აკაკი ბობოხიძემ, სააკაშვილთან სატელეფონო საუბარის ფაქტი უარყო | Allnews.Ge

ჩანაწერის ერთ-ერთმა მონაწილემ, აკაკი ბობოხიძემ, სააკაშვილთან სატელეფონო საუბარის ფაქტი უარყო

წელს მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი საერთოდ არ მქონია და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამ შემადგენლობით მიხეილ სააკაშვილთან არ ვყოფილვართ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა აკაკი ბობოხიძემ განაცხადა, რომელიც ინტერნეტით გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით, საუბრის ერთ-ერთი მონაწილეა.

ბობოხიძე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ რევოლუციისთვის მზადებას კატეგორიულად უარყოფს. ამასთან, აცხადებს, რომ პარტია საარჩევნოდ ხმებს დაიცავს, ისევე როგორც ამას ყველა სხვა ოპოზიციური პარტია გააკეთებს.

"რა თქმა უნდა, რევოლუციისთვის არ ვემზადებით და, რა თქმა უნდა, ხმებს დავიცავთ. ეს ყველაფერი არის სრული უნიჭობა. ეს არის გათვლილი უწიგნურ, ბრმადმორწმუნე "ქოცებზე", რომლებზეც არგუმენტი არ ჭრის. გასულ წელს პარტიის პოლიტსაბჭო იყო კიევში. მიმდინარე წელს ამ შემადგენლობით კიევში არ ვყოფილვართ.

წელს მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარი არ მქონია, აქედან გამომდინარე, დასკვნები გააკეთოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც ლოგიკურად აზროვნება შეუძლია. გარდა ამისა, როცა კაცი შეიგინები, უზრდელი ხარ, არადა, ამ ჩანაწერის კომბინაციის გამკეთებელს, ვითომ ჩამწერს და დამვალებელს დიდი სიამოვნებით ვეტყოდი: მტყუანის დედა... მტყუანის მკვდარი... მტყუანის ცოცხალი... და ასე შემდეგ. ამათთან სხვანაირი არგუმენტებით საუბარს აზრი არა აქვს", - განაცხადა ბობოხიძემ.

მან აღნიშნა ისიც, რომ 2012 წელს ხელისუფლებაში მყოფი "ნაციონალური მოძრაობა", რომელსაც ჰყავდა პოლიცია და ჯარი, ხალხის გადაწყვეტილებას დაემორჩილა.

"არავის არა აქვს იმის ნება კი არა, იმის ძალა, რომ არ დაემორჩილოს ხალხის გადაწყვეტილებას. ხალხის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება მოუწევს ყველას - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს. ჩვენც და სხვა ოპოზიციური პარტიებიც კარგად შევაფასებთ არჩევნების შედეგებს, კარგად შევაფასებთ, თუ როგორ ჩატარდება არჩევნები, გაყალბდება თუ არა. გარწმუნებთ, რომ არავის არჩევნების გაყალბების საშუალებას არ მივცემთ. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ვერავინ ვერაფერს გააყალბებს და ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერს მოუწევს ხალხის გადაწყვეტილებისთვის დამორჩილება - პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილს", - აღნიშნა ბობოხიძემ.

ინტერნეტსივრცეში, სავარაუდოდ, საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

აუდიოჩანაწერის თანახმად, საუბარში მონაწილე პირები რევოლუციურ სცენარს განიხილავენ.

აუდიოჩანაწერში, რომლის ავთენტურობაც ჯერჯერობით დადასტურებული არ არის, მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, ირმა ნადირაშვილი, ნუგზარ წიკლაური, პეტრე ცისკარიშვილი, აკაკი მინაშვილი, გიგი წერეთელი ფიგურირებენ.

myquiz