არსებობს თუ არა წინასაარჩევნო დესტაბილიზაციის საფრთხე და როგორ გაუმკლავდება მას ხელისუფლება | Allnews.Ge

არსებობს თუ არა წინასაარჩევნო დესტაბილიზაციის საფრთხე და როგორ გაუმკლავდება მას ხელისუფლება

"ვის ეკუთვნის ხელისუფლება, ამას არც სააკაშვილი განსაზღვრას და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას განსაზღვრავს ქართველი ხალხი, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომელიც გამოეხმაურა გუშინ "თავისუფალი ზონის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას გეგმავს.

"დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესი ის არის, რომ მხოლოდ ხალხი და მისი უმრავლესობა განსაზღვარს თუ ვის ეკუთვნის კონკრეტულ ეტაპზე ხელისუფლება. ამას არც სააკაშვილი განსაზღვრავს და არც სხვა ვინმე პიროვნება, ამას ქართველი ხალხი განსაზღვრავს. ყველანაირი მცდელობა თუ გინდ მოლოდინების გაჩენისა, რომელიც მიმართული იქნება ამ სტაბილური სიტუაციის არევისკენ, იქნება ჩახშობილი", - განაცხადა ლევან იზორიამ.

კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას რაიმე ინფორმაცია შესაძლო დესტაბილიზაციის მოწყობასთან დაკავშირებით, იზორიამ განაცხადა, რომ კომპეტენტური ორგანოები ფლობენ ყველანაირ ინფორმაციას და ყველაფერს აკეთებენ, რომ მოხდეს საფრთხეების თავიდან აცილება.

"მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ყველაფერი წავა მშვიდობიანი გზით და კანონის ფარგლებში", - აღნიშნა მინისტრმა.

"ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან დესტაბილიზაციის გეგმის არსებობის შესახებ ინფორმაციის უკან სპეცსამსახურების კვალს ხედავს.

"თუ რამე კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, მათ ეს უნდა გამოაქვეყნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს არის შექმნილი ფონი იმისთვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის დაპირისპირება გადაიტანონ პოლიტიკურ სპექტრში. "ქართულ ოცნებას" არანაირი დაპირება არ აქვს მოსახლეობისთვის და ერთადერთი, რაზეც ის თავის საარჩევნო კამპანიას აგებს, ეს არის ზიზღი "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ," - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს აღნიშნულ საკითხზე კომენტირებისას.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მისი "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნის პერიოდში, მსგავსი გეგმა არ არსებობდა.

"სამართალდამცველებმა ეს საქმე უნდა გამოიძიონ და ჭორაობის ნაცვლად უნდა გადავიდეთ საქმის კეთებაზე," - აღნიშნა მან.

არ ვიცი, რამდენად ახლოსაა არეულობასთან, დესტაბილიზაციასთან დაკავშირებული განცხადებები, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, ამაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, - ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

"ქვეყანას ხელისუფლება იმისთვის ჰყავს, რომ თუკი სადმე მსგავსი ფაქტები არსებობს, აღიკვეთოს. ჯერჯერობით ვხედავთ მხოლოდ საჯარო განცხადებებს, რომ რაღაც ხდება, მიდის ადამიანების დაშინება და თუ მსგავსი რამ ხდება ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს", - განაცხადა ჯაფარიძემ.

myquiz