ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის კონკრეტული გეგმა აქვს | Allnews.Ge

ირაკლი კობახიძის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" დესტაბილიზაციის კონკრეტული გეგმა აქვს

"ნაციონალურ მოძრაობას" აქვს დესტაბილიზაციის კონკრეტული გეგმა, თუმცა მისი აღსრულების რესურსი არ გააჩნია, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საუბრობს.

კობახიძემ "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს "უსუსური პოლიტიკური ძალა" უწოდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებას მათ მიერ დაგეგმილი პროვოკაციებისა და დესტაბილიზაციის აღკვეთის ყველა შესაძლებლობა გააჩნია.

"თავისუფალი ზონის" წევრების დღევანდელმა განცხადებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ვსაუბრობთ. რეალურად, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისებში იგეგმება დესტაბილიზაცია, დგება კონკრეტული გეგმა ამასთან დაკავშირებით. ამ გეგმის განსახორციელებლად კონკრეტული დაჯგუფებები, ე.წ. დამატებითი ორგანიზაციები იქმნება. ეს არის ის, რაზეც ჩვენ მთელი ამ დროის განმავლობაში ვსაუბრობდით.

ძალიან კარგია, რომ "ნაციონალურ მოძრაობაშიც" აღმოჩნდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დანაშაულებრივ გეგმას ემიჯნებიან. ჩვენ ამასთან დაკავშირებითაც ვამბობდით, რომ შიგნით, "ნაციონალურ მოძრაობაში" არის განხეთქილება, არის მოტივაციის ნაკლებობა, ეს ყველაფერი დაკავშირებულია იმ დანაშაულებრივ გეგმებთან, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ოდესიდან აწყობენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარ აქტივისტებში მოტივაციის შენარჩუნება ძალიან უჭირს და განცხადებები მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, სწორედ მოტივაციის ამაღლების სურვილს უკავშირდება.

არჩევნების შემდეგ დაგეგმილია სახელმწიფო ინსტიტუტების ბლოკირება. ამ დროს არც მსხვერპლია გამორიცხული, – ამის შესახებ "თავისუფალი ზონის" გლდანის ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარე ბესო კალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ბესო კალაძემ დღეს ორგანიზაციის რამდენიმე წევრთან ერთად "თავისუფალი ზონიდან" წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, რის მიზეზადაც სწორედ აღნიშნული ფაქტორი დაასახელა.

მისივე განმარტებით, არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი და ამაში ის ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებს.

myquiz