ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია | Allnews.Ge

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესმენებთან შეხვედრამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია

დღეს ორგანიზაცია "მოქალაქის" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართული ეკონომიკური ფორუმის შემდეგ შეფასებები ბიზნეს სექტორისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებმა ასევე ეკონომიკის ექსპერტებმა გააკეთეს.

"ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას" დამფუძნებლის, სოსო ფხაკაძისთვის, ის კურსი, რომელსაც მმართველი გუნდი ატარებს, მისაღებია, - "ჩემთვის, როგორც ჩვეულებრივი ბიზნესმენისთვის ძალიან ღირებულია ასეთ ფორმატში საუბარი. პირველი იმისთვის, რომ ვხვდებით ბიზნესმენებს, ყველანი ძალიან ღიად ვსაუბრობთ, როგორი ტენდენციებია ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, უკვე, ჩვენც ვსახავთ გეგმებს. ძალიან სტაბილური მიკროეკონომიკური გარემოა ჩვენს ქვეყანაში. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც მოხდა მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა კურსის დევალვაციის დასრულების შემდეგ. ყველას პათოსი დადებითია და დარწმუნებული ვარ, რომ თუ ეს კურსი გაგრძელდება ჩვენ ბევრად ეკონომიკურად საინტერესო ქვეყანას მივიღებთ," - განაცხადა ბიზნესმენმა.

ფორუმს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სერგი კაპანაძე გამოეხმაურა.

ჩემზე ამ შეხვედრამ აგონიური შთაბეჭდილება დატოვა, ივანიშვილს, როგორც ჩანს, კარგად ესმის, რომ არჩევნებს აგებს და ცდილობს ბოლო რესურსების მობილიზება მოახდინოს, მათ შორის, ბიზნესმენებთან ასეთი ტონით ისაუბროს და მათ პოლიტიკური შეფასებების კეთებისკენ მოუწოდოს.

"აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ივანიშვილი არაფორმალური მმართველია, რომელიც ცდილოს ახლა ბიზნესიც ამ პროცესებში ჩართოს," - განაცხადა კაპანაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრის განცხადების მიუხედავად, შეხვედრიდან გამოსულმა "ჰანიველ პარტნერსის" მმართველმა, ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესმენებისთვის პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ უთხოვია.

"საუბარი იყო ძირითადად იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა დღეს ბევრად კარგად ვითარდება, ვიდრე წინა მთავრობის დროს. საქართველოს ეკონომიკა ბევრად კარგად ვითარდება, ვიდრე ჩვენი მეზობელი ქვეყნების ეკონომიკა," - აღნიშნა რუხაძემ.

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნეს სექტორთან შეხვედრას "სახელმწიფო ხალხისთვის" წევრი, ზურაბ ჯაფარიძე გაუმართლებლად მიიჩნევს. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა შეფასება იმაზე, თუ რას აკეთებდა მთავრობა 4 წლის განმავლობაში, რატომ იყო რაღაცების გაკეთება შეუძლებელი და ასევე საუბარი იყო პერსპექტივაზე, თუ საით უნდა წავიდეს ქვეყანა.

" ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა ქართული ეკონომიკის ის ეკლექტური გუნდია, რომელიც საქართველოს პარლამენტში იყო. ამ გუნდს არ ჰქონდა ერთიანი ხედვა, თუ საით უნდა წაეყვანა ქვეყნის ეკონომიკა და ამან ბევრი პრობლემა გამოიწვია. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთებული იყო იმაზე, რომ არც ერთი კატასტროფული შეცდომა არ ყოფილაო, შეიძლება ერთი კატასტროფული შეცდომა არ ყოფილა, მაგრამ იყო ჯამურად ბევრი შეცდომა, რომელმაც, საბოლოო ჯამში, ეკონომიკა დააზარალა და ამ შეცდომების წყარო იყო ის, რომ ერთიანი ხედვა არ არსებობდა," - განმარტა ჯაფარიძემ.

"თავისუფალი დემოკრატების" წევრის, დავით ონოფრიშვილის აზრით, ბიზნესემენებისადმი მოწოდება, დაეფიქსირებინათ თავიანთი პოზიცია, საჭირო არ იყო, - "მე არ მაქვს ილუზია, რომ ყველაფერი იდეალურად იყო. ზოგიერთი რამ შეიძლებოდა უფრო ადრე შეცვლილიყო, ან იქნებ რაღაც დავაგვიანეთ და რაღაც შესაცვლელია, მაგრამ არ ყოფილა უხეში შეცდომა, რასაც შეიძლებოდა პრინციპული გავლენა მოეხდინა ეკონომიკაზე," - განმარტა ონოფრიშვილმა.

"მოქალაქის" მიერ ორგანიზებულ ფორუმს ეკონომიკის ექსპერტი და "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის კიდევ ერთი წევრი, რომან გოცირიძეც გამოეხმაურა, რომელმაც დღეს პარალელური ბიზნეს ფორუმი ჩაატარა, - "ექსპერტის სტატუსით ორ ფორუმს დავესწარი. თავად ივანიშვილი 15 წუთით ჩერდებოდა და შემდეგ მიდიოდა"

ამ ფორუმებზე არც ერთი სერიოზული წინადადება არ ყოფილა, რომელიც ქვეყანას წაადგებოდა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობდა ხელს," - აღნიშნა გოცირიძემ.

შეფასება ეკონომიკის კიდევ ერთმა ექსპერტმა, პაატა შეშელიძემაც გააკეთა, რომელიც რომან გოცირიძის მსგავსად ფორუმით უკმაყოფილოა, - "დღეს მე კრიტიკა არ მომისმენია,არ მომეწონა პრეზენტაციის ძალიან ბევრი ნაწილი. ვფიქრობ, რომ ის მონაცემები, რაც იყო წარმოდგენელი შეიძლებოდა ბევრად უკეთესი ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკის შემთხვევაში, ამიტომ კმაყოფილება, რაც არის ჩემთვის მიუღებელია," - განაცხადა ეკონომისტმა.

რომან გოცირიძისა და პაატა შეშელაძისგან განსხვავებით, ეკონომისტი ლევან კალანდაძე შეხვედრით კმაყოფილია, - "ფორმატი იყო ძალიან საქმიანი. ეს იყო ბიზნესმენების შეხვედრა ერთმანეთთან და ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გაზიარება. მე უჩვეულო ვერაფერი დავინახე. ბიზნესმენები საზოგადოების წევრები არიან, ბუნებრივია, მათი აქტივობა და  ეკონომიკურ პროცესებში თანამონაწილეობა მნიშვნელოვანია," - განაცხადა კალანაძემ.

"მოქალაქის" მიერ ჩატარებული ბიზნეს ფორუმი დასრულებულია.

myquiz