როგორია პარტიების ნარკოპოლიტიკა | Allnews.Ge

როგორია პარტიების ნარკოპოლიტიკა

თითოეულ პარტიას ამომრჩევლის მოსაზიდად საკუთარი შეხედულებები და მეთოდები აქვს. ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად ცდილობს, რომ თავიანთი საარჩევნო პროგრამა მოსახლეობის ყველა სეგემენტს მოარგოს.

allnews.ge დაინტერესდა როგორია პარტიების ხედვები ნარკოტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით და აპირებენ თუ არა მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას.

პარტია "ქართული ოცნება" - ოცნების საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკა სოციალური განვითარების თავშია განხილული. "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამაში საუბარია მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის სასჯელების ლიბერალიზაციაზე. თუმცა, დაკონრეტებული არ არის რას ნიშნავს მსუბუქი ნარკოტიკი და რა იგულისხმება სასჯელის ლიბერალიზაციაში.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" – მათ საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკაზე საუბარია განათლებისა და ახალგაზრდობის ნაწილში. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პროგრამაში მხოლოდ მსუბუქი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი. ბუნდოვანია რა მოიაზრება მსუბუქ ნარკოტიკში.

"თავისუფალი დემოკრატები" - პარტია "ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკა უფრო ფართო სპექტრშია განხილული. მათ პროგრამაში ყველა სახის ნარკოტიკურლი საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზება არის დაანონსებული. ხოლო ნარკოტიკების გამსაღებლების და გამავრცელებლების მიმართ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრება იგეგმება. გარდა ამისა, პარტია ნარკოდამოკიდებულთათვის ხარისხიანი სამედიცინო და სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას გვპირდება.

"რესპუბლიკური პარტია" - "საქართველოს რესპუბლიკური პარტიის" საარჩევნო პროგრამაში ნარკოპოლიტიკა ცალკე საკითხად არ არის გამოყოფილი და განხილულია შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის ფარგლებში. მათ საარჩევნო პროგრამაში საუბარია თავისუფლების აღკვეთის ნაცვლად, ნებაყოფლობითი მკურნალობის შეთავაზებაზე.

ბლოკი "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" – პარტიის ლიდერი პაატა ბურჭულაძის აზრით, მარიხუანა აფთიაქებში უნდა იყიდებოდეს.

ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია ბურჭულაძემ PalitraNews-ის გადაცემაში "ჩემი კითხვა" გამოხატა.

"მარიხუანას გაყიდვა უნდა ხდებოდეს არა გადამყიდველების მხრიდან, არამედ უნდა ხდებოდეს აფთიაქებში.

ჩემი აზრით, აფთიაქებში ექიმი უნდა წერდეს რეცეპტს. ამით ჩვენ აღმოფხვრით ძალიან დიდ კონტრაბანდას და ამას გავხდით ნორმალურს. არ შეიძლება, ხანდახან არ გაიზიარო ის, რაც ევროპის ქვეყნებშია. ზუსტად ასეთი პირობებია ნიდერლანდებში, ასეა ავსტრიაში და მე მას ვემხრობი. საერთოდ ნარკომანს არ უნდა ეშინოდეს, რომ მას დაიჭერენ და მალავდეს, რომ ის არის ნარკომანი. როცა ადამიანი ხვდება, რომ ის არის ნარკომანი, შეუძლია მივიდეს ექიმთან და ექიმმა უნდა უმკურნალოს. ეს არის მათი გამოჯანმრთელების ერთადერთი გზა - რომ ის არ მალავდეს, მივიდეს ექიმთან და ექიმმა გამოუწეროს რეცეპტი. ეს არის ძალიან ჰუმანური და თანამედროვე გზა", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" გაერთიანებული პარტია "გირჩი" გასულ წელს პარლამენტში მარიხუანას დეკრიმინალიზაციით გამოვიდა. თუმცა კანონპროექტმა პარლამენტში მხარდაჭერა ვერ ჰპოვა.

როგორც პოლიტოლოგმა ვახტანგ ძაბირაძემ allnews.ge-სთან საუბრისას განაცხადა, ამ პრობლემის წინ წამოწევით პარტიები ამომრჩევლის მიზიდვას ცდილობენ.

"რა ინფორმაციაც არსებობს, საქართველოში ნარკოტიკის მომხმარებელთა რაოდენობა საკმაოდ დიდია. შესაძლოა ეს ხალხი არჩევნებზე მხოლოდ ამ მიზეზით წავიდეს. გამომდინარე აქედან პარტიებმა ეს იციან, ამიტომაც პარტიები სთავაზობენ იმას, რაც მათ სურთ." - აღნიშნა ძაბირაძემ.

პოლიტოლოტის თქმით, დღეს ზოგიერთი სახელისუფლებო სტრუქტურა ცდილობს, რომ ეს ადამიანები საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციოს. მისი აზრით, დეკრიმინალიზაცია ამ პრობლემას მოხსნის. რაც შეეხება ნარკოტიკის აფთიაქებში გაყიდვას, პოლიტოლოგის აზრით, ეს მსჯელობის საკითხია.

ლიკა ამირაშვილი

myquiz