როგორ გადანაწილდება მანდატები? - საპარლამენტო არჩევნების პროგნოზები | Allnews.Ge

როგორ გადანაწილდება მანდატები? - საპარლამენტო არჩევნების პროგნოზები

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები დარჩა, შესაბამისად პოლიტიკური პარტიები გააქტიურდნენ, რათა ამომრჩევლის ნდობა მოიპოვონ და ხელისუფლების რიგებში მოხვდნენ.

არჩევნების შემდეგ პარლამენტში მანდატების გადანაწილებასთან დაკავშირებით არაერთი პროგნოზი გაკეთდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მოქმედი და ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები პარლამენტში თავიანთ მანდატებს აუცილებლად მოიპოვებენ, თუმცა, შესაძლებელია ახალი ხელისუფლება უფრო მრავალფეროვანიც გახდეს.

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, პარლამენტში მანდატების გადანაწილების დასადგენად ზუსტი მექანიზმი არ არსებობს, რადგან ბევრ ამომრჩეველს ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია, ხმას ვის მისცემს.

"ძალიან ბევრ ადამიანს ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემს ხმას. შესაბამისად, პარლამენტში მანდატების გადანაწილების დასადგენად სანდო საფუძველი არ არსებობს. არჩევნები თუ დემოკრატიული იქნება, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ვერც ერთი პარტია უმრავლესობას, 76-ზე მეტ მანდატს ვერ მოიპოვებს.

გარდა ორი ძირითადი პარტიისა, შესაძლოა პარლამენტში კიდევ ორი-სამი პარტია მოხვდეს.

გია ნოდიას მსგავსად, ზაალ ანჯაფარიძე რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას თითქმის გამორიცხავს.

"პროგნოზის გასაკეთებლად სოციოლოგიური გამოკითხვების შედეგებს დავეყრდნობი და ვიტყვი, რომ "ქართული ოცნება" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა," როგორც მონაცემები გვიჩვენებს, საარჩევნო ბარიერს გარანტირებულად გადალახავენ, ასევე პარლამენტში მოხვედრის შანსი "პატრიოტთა ალიანსს," "თავისუფალ დემოკრატებსა" და გარკვეული დაშვებით პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკს აქვს.

ანჯაფარიძის თქმით, პარლამენტის რამდენიმე პარტიით დაკომპლექტება მის ეფექტიანობასა და კონსტრუქციულობას ხელს შეუშლის.

"რაც შეეხება პარლამენტში პარტიების მრავალფეროვნებას, გამიჭირდება კონკრეტულად იმაზე საუბარი, რამდენად კონსტრუქციულად იმუშავებენ ისინი და როგორ მოხერხდება "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორობა. მე ვფიქრობ, რომ თუ ვერცერთმა პარტიამ გადამწყვეტი უმრავლესობა ვერ მოიპოვა, მათ თანამშრომლობა მოუწევთ, მაგრამ ეს პარლამენტის საქმიანობაში დისონანსს შეიტანს, იმიტომ, რომ იმ პარტიების ხედვები, რომლებსაც ბარიერის გადალახვის შანსი აქვთ განსხვავდება, შესაბამისად რთული იქნება მათ შორის კონსენსუსის მიღწევა."- განმარტავს ანალიტიკოსი.

პოლიტოლოგ კორნელი კაკაჩიას აზრით, 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, საქართველოს პარლამენტი მულტიპარტიული იქნება, რაც დემოკრატიული პროცესებისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ხელისუფლების ეფექტური მუშაობისთვის შემაფერხებელი.

"იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების შემდეგ მულტიპარტიული პარლამენტი გვექნება და სავარაუდოდ, ასეც მოხდება, მაშინ რამდენიმე პრობლემა წარმოიქმნება. კონსტრუქციულად მუშაობა განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გართულდება, თუ პარლამენტში რადიკალურად განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური პლატფორმის პარტიები მოხვდებიან. მულტიპარტიული პარლამენტი დემოკრატიული პროცესებისთვის ძალიან კარგია, თუმცა, ეფექტურობის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნება.

მაგალითად, თითოეულ ჯგუფს საკუთარი ხედვა ექნება და ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით მათ შორის თანამშრომლობა ალბათ გაჭირდება," - განაცხადა პოლიტოლგმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, კვლევებს საერთაშორისო ორგანიზაციებიც ატარებენ.

"საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის," IRI-ს მიერ გაკეთებული პროგნოზის თანახმად, არჩევნები ყველა დონეზე კონკურენტული იქნება და ბევრ მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია მოსალოდნელი.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz