დაიძაბება თუ არა წინასაარჩევნო გარემო საქართველოში | Allnews.Ge

დაიძაბება თუ არა წინასაარჩევნო გარემო საქართველოში

პარტია "ქართული ოცნების" ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა", წინასაარჩევნოდ დაპირისპირებების პროვოცირებას და არეულობის შექმნას გეგმავს. ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომელიც ერთმნიშვნელოვნად აგებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებს და რომელსაც არ გააჩნია საზოგადოების მხარდაჭერა, ერთადერთ შანსს ხედავს გარკვეული ტიპის არეულობის შექმნაში. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის დაპირისპირების პროვოცირება ჩვენ მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე ან ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებებზე, ასევე, ორგანიზებული ფორმით დაძაბულობისა და დაპირისპირების შემოტანა წინასაარჩევნო კამპანიაში." - განაცხადა ჩუგოშვილმა.

"ქართული ოცნების" ამ ბრალდებებს "ნაციონალური მოძრაობა" აბსურდულს უწოდებს. როგორც აპარტიაში აცხადებენ "ოცნებას" სათქმელი აღარაფერი არ აქვს.

დაიძაბება თუ არა წინასაარჩევნო გარემო საქართველოში და მოსალოდნელია თუ არა კორცხელის ინციდენტის გამეორება, ამის შესახებ ALLNEWS.GE-ი პოლიტოლოგებს ესაუბრა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, არეულობა უფრო მეტად არჩევნების დღეს არის მოსალოდნელი, თუმცა, იგი კორცხელის მსგავსი ინციდენტის გამეორებას არ ელოდება.

"როგორც წესი ყველაფერი წინასაარჩევნოდ ირევა ხოლმე. ამ ეტაპისთვის, რასაც ვაკვირდები კანონს იცავენ, არაფერი უკანონო არ ხდება. ადეკვატურად იქცევიან. არავინ არაფერს არღვევს. დარღვევები და არეული სიტუაცია უფრო არჩევნების დღეს არის ხოლმე.

რა შეცდომებს უშვებენ ქართველი პოლიტიკოსები საარჩევნო კამპანიის დროს

ვითარება იმიტომ კი არ დაიძაბება, რომ ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, აქ უფრო მენტალური ამბებია. დღეს, საქართველოში ადამიანები ორ ნაწილად არიან გაყოფილები. ერთნი არიან პრორუსულები და მეორე პროდასავლურები. ვფიქრობ, სწორედ ამ კუთხით იქნება სიტუაცია დაძაბული. შეხლა-შემოხლა არ იქნება. ვითარება იქნება დაძაბული, მაგრამ კრიმინალურ გარჩევებამდე არ მივა", - აღნიშნა გეგელიამ.

გეგელიასგან განსხვავებით, პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია კორცხელის მსგავსი ინციდენტის გამეორებას არ გამორიცხავს.

"ნებისმიერ საარჩევნო კამპანიას, ბუნებრივია დაძაბულობა თან ახლავს. აქედან გამომდინარე მოახლოებული არჩევნები გამონაკლისი არ არის. თუმცა, ამ ეტაპისთვის ისეთი დაძაბულობა, როგორსაც ველოდით არ შეინიშნება. გარკვეული სახის კინკლაობა და შეხლა-შემოხლას რეგიონების დონეზე, შესაძლოა იყოს, თუმცა, ამ ეტაპზე რადიკალურ დაპირისპირებას ადგილი არ ექნება", - განაცხადა კაკაჩიამ.

მისივე თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბება.

"თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჯერ ზაფხული იყო და უმრავლესობა ისვენებდა, საარჩევნო კამპანია ისეთი აქტიური არ იყო, როგორიც შეიძლება სექტემბერში იყოს. აქედან გამომდინარე გამორიცხული არ არის, რომ გარკვეულ ინციდენტებს ადგილი ჰქონდეს. ეს განსაკუთრებით გამოჩნდება არჩევნების დღეს.

გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური კულტურა არ არსებობს, გამორიცხული არ არის, რომ კორცხელის მსგავსი ინციდენტებიც განმეორდეს, ეს შეიძლება იყოს როგორც ხელისუფლების ასევე სხვა პარტიების მხრიდან. სამწუხაროდ, ქართულ არჩევნებს დაპირისპირებები ახასიათებს ხოლმე, ამიტომ გამონაკლისი არც ეს იქნება", - აღნიშნა კაკაჩიამ.

myquiz