მამუკა არეშიძე "პატრიოტთა ალიანსის" სახელით თეთრიწყაროში კენჭისყრას გეგმავს | Allnews.Ge

მამუკა არეშიძე "პატრიოტთა ალიანსის" სახელით თეთრიწყაროში კენჭისყრას გეგმავს

ექსპერტი მამუკა არეშიძე სავარაუდოდ, "პატრიოტთა ალიანსის" სახელით თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატობისთვის იბრძოლებს. როგორც არეშიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შემოთავაზება თავად "პატრიოტთა ალიანსიდან" მიიღო. მისივე თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარეკებები, რომელიც დიდი ალბათობით დადებითად გადაწყდება.

"მოლაპარაკებები მაქვს "პატრიოტთა ალიანსთან" და საკითხი ალბათ, დადებითად გადაწყდება რომ კენჭი ვიყარო თეთრიწყაროს რაიონში. სავარაუდოდ, საკითხი 6 სექტემბრამდე გადაწყდება. შეთანხმებას წინ ბევრი არაფერი უდგას", - განაცხადა არეშიძემ და აღნიშნა, რომ იდეოლოგიასა და შეხედულებებში ძირითადად საკითხებზე თანხვედრაა.

მისივე თქმით, უნდოდა "ქართულ ოცნებასთან" ეთანამშრომლა, თუმცა ეს არ გამოვიდა.

"მინდოდა რევანში ამეღო გარდაბანში მაშინდელი გაყალბებული არჩევნებისთვის. მინდოდა, რომ მეთანამშრომლა "ქართულ ოცნებასთან", თუმცა სამწუხაროდ არ შედგა. ამის შემდეგ შემოთავაზება მივიღე "პატრიოტთა ალიანსიდან".

თეთრიწყაროს დავთანხმდი მხოლოდ იმ მიზეზის გამო, რომ ახალი საარჩევნო რეგულაციებით, გარდაბანი დაიყო სამ ნაწილად - ერთი ნაწილი დარჩა მკვიდრად გარდაბანს, ერთი ნაწილი გადაეცა სამგორის რაიონს და მესამე ნაწილი გადაეცა თეთრიწყაროს რაიონს. ანუ, თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში თავმოყრილია გარდაბნის რაიონის არაერთი სოფელი, რომლებშიც წინა არჩევნებზე დიდი უპირატესობით გავიმარჯვე", - განაცხადა არეშიძემ.

myquiz