რამდენად რეალურია პაატა ბურჭულაძის საარჩევნო დაპირებები | Allnews.Ge

რამდენად რეალურია პაატა ბურჭულაძის საარჩევნო დაპირებები

"სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერი, პაატა ბურჭულაძე ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამომრჩეველს სოციალურად დაუცველის სტატუსის მატარებელთა რაოდენობას მილიონამდე გაზრდის დაპირდა. შესაბამისი განცხადება ბურჭულაძემ განმუხურში გააკეთა, სადაც დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა.

ბურჭულაძემ პენსიასთან დაკავშირებულ გეგმებზეც ისაუბრა.

"გუშინ უკვე შეიძლებოდა, რომ პენსიონერი ასეთი გაჭირვებული არ ყოფილიყო. შეიძლებოდა, რომ ბიუჯეტის სწორად გადანაწილების შემთხვევაში პენსიონერს ჰქონოდა 250 ლარი. უკვე გუშინ შეიძლებოდა, რომ სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნორმალურად ეცხოვრათ. დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს და ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ ბიუჯეტით, რაც დღეს არის, გავხდით ერთ მილიონს - ერთ მილიონ ადამიანს, ვინც სოციალურად დაუცველია, 4 წლის განმავლობაში, სადაც არ უნდა იმუშაოს, არ მოვუხსნით ამ სტატუსს და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, რომ მისი ოჯახი ფეხზე დადგეს," - განაცხადა მან.

"დღეს სოციალური დახმარება ეძლევა 500 000 ადამიანს, ჩვენ გვაქვს გეგმა და გავხდით 1 მილიონს"

აღნიშნული დაპირების შესახებ განცხადება საარჩევნო ბლოკ "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა. მან განმარტა, თუ რა საშუალებებით მოხდება სოციალურად დაუცველთა მილიონამდე გაზრდა.

"გირჩის" ლიდერი აღნიშნავს, რომ საარჩევნო ბლოკის პროგრამაში ხედვების შეჯერება მოხდა, თუმცა ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა, რადგან კვლავ სოციალური დახმარების სისტემის გასწორებაზეა საუბარი.

"მოსახლეობის ყველაზე შეძლებული 20% სახელმწიფოსგან აღარ მიიღებს რაიმე დახმარებას, რაიმე ფორმით.

მოსახლეობის ეს ნაწილი მნიშვნელოვან სარგებელს ნახავს გადასახადების შემცირებით და შემდეგ გაუქმებით. ფული რომელიც დღეს იხარჯება მოსახლეობის ყველაზე შეძლებულ 20%-ზე გადანაწილდება მოსახლეობის გაჭირვებულ ნაწილზე, ფულის, ჯანმრთელობის დაზღვევის და განათლების დაფინანსების სახით." - წერს ჯაფარიძე.

რაც შეეხება, სოციალურად დაუცველთა რიცხვის გაზრდას, ის განმარტავს, რომ "გაჭირვებული ნაწილის" დეფინიციას მიაბამენ არსებულ სოციალურად დაუცველთა ბაზას,-" თუმცა, იმის გამო რომ განსხვავება ყველაზე გაჭირვებულ 10%-სა და შემდეგ 20%-ს ან 30%-ს შორის მინიმალურია, ვაფართოებთ დახმარების მიმღებთა რაოდენობას. აქედან 1,000,000 მილიონი დახმარების მიმღები. ჯამში, გაჭირვებულები მიიღებენ გაცილებით მეტ დახმარებას ვიდრე ოდესმე მიუღიათ." - აცხადებს საარჩევნო ბლოკის ერთ-ერთი ლიდერი.

სოციალურად დაუცველების რაოდენობის გაზრდის იდეა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა გიორგი გობრონიძემ შეაფასა. მისი აზრით, დაპირების შესრულება ეჭვქვეშ მხოლოდ მისი დაწვრილებით დასაბუთების შემთხვევაში არ დადგება.

რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს

"ფაქტობრივად, არცერთ პარტიას, მათ შორის არც "პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ხელფასების, პენსიებისა და დახმარების ზრდასთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია დოკუმენტი, რომელშიც რესურსებისა და თანხების მობილიზება იქნება ასახული," - აცხადებს გობრონიძე.

სოციალური დახმარებისა და მის მიმღებთა რაოდენობის ზრდას, დადებითად აფასებს პოლიტოლოგი გიორგი ცხადაია, თუმცა აღნიშნულის შესრულებას ეჭვქვეშ აყენებს. მისი აზრით, სოციალური დახმარების ზრდისა და გადასახადების, მათ შორის დამატებითი ღირებულების გადასახადის გაუქმების იდეას შორის ლოგიკური შეუთავსებლობაა.

"ამ ორ იდეას შორის სერიოზული შეუთავსებლობაა, იმიტომ რომ ბიუჯეტის შევსება გადასახადების ხარჯზე ხდება, ხოლო სოციალური დახმარებაც ბიუჯეტიდან გაიცემა, აქედან გამომდინარე,თუ გადასახადები შემცირდება, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტში მცირე რაოდენობით თანხა შევა და სოციალური დახმარების გაზრდის იდეა ეჭვქვეშ დადგება," - აღნიშნავს პოლიტოლოგი.

გიორგი ცხადაია ასევე განმარტავს, რომ პოლიტიკურმა ცენტრმა "გირჩმა" დაპირების შესრულების გეგმა სრულყოფილად ვერ წარმოადგინა, რაც კიდევ უფრო ეჭვქვეშ აყენებს სოციალური დახმარებების ზრდასა და გადასახადების გაუქმების ურთიერთშეთავსების ლოგიკურობას.

საარჩევნო ბლოკში "პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის" 4 პარტიაა გაერთიანებული: ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი," პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველო," "ახალი მემარჯვენეები" და პაატა ბურჭულაძის პარტია. მათი ლიდერები აცხადებენ, რომ ქვეყნის განვითარებისთვის საერთო ეკონომიკური და სოციალური გეგმა აქვთ, რომლის განხორციელებასაც 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში დაიწყებენ.

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz