უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა დავით ნარმანიამ? | Allnews.Ge

უნდა დატოვოს თუ არა თანამდებობა დავით ნარმანიამ?

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების განცხადებით, დავით ნარმანია თანამდებობისთვის შეუფერებელი პირია და უნდა გადადგეს.

ამ მოთხოვნით პარტიის წევრები საპროტესტო აქციას დღეს, თბილისის მერიასთან მართავენ და აცხადებენ, რომ დავით ნარმანიას გადადგომას არამარტო ისინი, არამედ თბილისის მოსახლეობის უმეტესობაც ითხოვს.

"დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე გამოდის ბატონი ნარმანია, რომელიც თბილისის მერის თანამდებობისთვის აბსოლუტურად შეუფერებელია. ის არის არაფრისმაქნისი, უუნარო და ამასთან ერთად, უზრდელიც კი. ამიტომ მან უნდა დატოვოს თანამდებობა," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა დავით ჯიჯოლავამ.

დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით გამოდის ასევე საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ირაკლი აბესაძე, - იღებს თუ არა დავით ნარმანია პასუხისმგებლობას ან ეკითხებიან თუ არა მას საკუთარი მოადგილეების ან მთავრობის წევრების დანიშვნას, ეს არის ის რიტორიკული შეკითხვა, რის გამოც დავით ნარმანია თბილისის მერი არ უნდა იყოს, რადგან ამ ყველაფერზე მას სამწუხაროდ პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია. დღეს თბილისის მერიაში მმართველობის სტილი არის მანკიერი, მხოლოდ და მხოლოდ კორუფციული და საკუთარ ინტერესებზე მორგებული", - განაცხადა მან.

ვინ არიან "პარტიზანი მებაღეები?"

თბილისის მერს თანამდებობის დატოვებას თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ალექსანდრე ელისაშვილიც ურჩევს, - "არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ყველაფერი.

მე მოვაწერ ხელს იმ დოკუმენტს, რითაც ნარმანიას წასვლას მოვითხოვთ.

ხანდახან მეჩვენება, რომ "ცისფერი მთები" ელდარ შენგელაიამ ნარმანიასა და მერიაზე გადაიღო. კაცმა არ იცის, რისთვის არიან. მერია დღეს არსებობს მხოლოდ ფურცელზე და საბუღალტრო აღრიცხვაში, რომ მივიდნენ და ხელფასები აიღონ," - აღნიშნა ელისაშვილმა.

დავით ნარმანიას მიმართ წაყენებულ მოთხოვნასა და ბრალდებებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიაც გამოეხმაურა. მისი აზრით, დავით ნარმანია თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული მერია, ამიტომ მისი გადადგომისთვის აღნიშნულის ტოლფასი საფუძვლები უნდა არსებობდეს. 

საკრებულოსთან მიმდინარე აქციაზე ინციდენტი მოხდა

"ქალაქის მერმა საზოგადოებას ბოდიში მოუხადა იმ გამონათქვამის გამო, რომელიც, ბუნებრივია, არც თავად მას მოეწონა და არც იმათ, ვისი არჩეულიც არის ქალაქის მერი. კარგია, რომ მან ეს ნაბიჯი გადადგა და საზოგადოებას აუხსნა. დარწმუნებული ვარ, რომ თვითონ ყველაზე კრიტიკულად აფასებს ამ გამონათქვამს. რაც შეეხება გადადგომას, თბილისის მერი არის თბილისის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეული პირი და ეს სხვა ტიპის ლეგიტიმაციაა, ასე რომ, თუ იარსებებს საფუძვლები ტოლფასი იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არის არჩეული ქალაქის მერი და არის კანონიერი საფუძვლები, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ვილაპარაკოთ," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ალიბეგაშვილის განცხადებით, საკრებულოს უმრავლესობაში მერისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი არ განიხილება. "ეს საკითხი უმრავლესობაში არ განიხილება. ჩვენ ერთი გუნდი ვართ, ერთმანეთის თანამოაზრეები.

პრობლემა ბუნებრივია, ქალაქში ბევრია, მაგრამ ამ პრობლემებს ერთად შევეჭიდებით და ერთად უნდა გამოვასწოროთ", - აღნიშნა ალიბეგაშვილმა.

დავით ნარმანიას მიმართ წაყენებულ მოთხოვნას გამოეხმაურა არჩილ გამზარდია. მისი შეფასებით, დავით ნარმანიას მიმართ წაყენებული მოთხოვნა არაადეკვატურია, რადგან ის თბილისის მოქალაქეების მიერ არჩეული მერია. "აქ ლაპარაკი არაა იმაზე, ლეგიტიმურია თუ არა გადადგომის შესახებ მოთხოვნა, რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ, უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, პირებმა, რომლებიც მერის გადადგომას ითხოვენ, სასამართლოს უნდა მიმართონ," - აცხადებს ექსპერტი.

დავით ნარმანიას თავისუფლების მოედანზე შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ

თბილისის მერს, დავით ნარმანიას გადადგომის მოთხოვნით "ერთიანი ნაცოინალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა და მოქალაქეთა ნაწილმა მას შემდეგ მიმართა, რაც 24 აგვისტოს, ყაზბეგის გამზირზე ხეების გაჩეხვის შესახებ "პარტიზანული მებაღეობისა" და "მწვანე მუშტის" წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე დავით ნარმანიასა და ორგანიზაციის ერთ-ერთ წარმომადგენელს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის გამოც, მოგვიანებით, ქალაქის მერმა ბოდიში მოიხადა.

myquiz