რამდენად გამართლებულია საქართველოში 19 სამინისტროს არსებობა | Allnews.Ge

რამდენად გამართლებულია საქართველოში 19 სამინისტროს არსებობა

"უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" ზესტაფონის მაჟორიტარობის კანდიდატი, თინა ხიდაშელი, რამდენიმე სამინისტროს გაუქმებისა და ზოგიერთი მათგანის შერწყმის ინიციატივით გამოვიდა, რის მაგალითადაც შვეიცარია დაასახელა, -"მე არ მგონია, რომ ჩვენი ხელისუფლება უკეთესად მართავს ქვეყანას, ვიდრე 7 სამინისტრო შვეიცარიას.

გაზრდილი ბიუროკრატია თავისთავად ნიშნავს ძალიან დიდ ადმინისტრაციულ ხარჯებს, რომელიც იპარავს ფულს იქედან, რაც რეალურად ქვეყანას ყველაზე უფრო მეტად სჭირდება, ამიტომ მცირე მთავრობა, რომლისთვისაც ჩვენ ვიბრძოდით ბოლო 20 წლის, მათ შორის, ბოლო 4 წლის განმავლობაში, არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი", - განაცხადა ხიდაშელმა.

მსგავსი ინიციატივით 2016 წლის იანვარში ახალი პოლიტიკური ცენტრი "გირჩი" და ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძეც გამოვიდნენ.

"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ინიციატივა, სამინისტროების რაოდენობის 8-მდე შემცირებას გულისხმობდა - "უნდა შემცირდა გაუქმდეს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ასევე ევროინტეგრაციის მინისტრის აპარატი. ამ ფუნქციებს საგარეო საქმეთა სამინისტრო ისედაც ასრულებს. ენერგეტიკის, რეგიონული და ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის სამინისტროები რომ გაერთიანდნენ რა პრობლემაა? ეკონომიკის სამინისტროები რომ გაერთიანდნენ, რა პრობლემაა?" - აღნიშნა ჯაფარიძემ.

რას მოუტანს საქართველოს სამინისტროების რაოდენობის შემცირება? - როგორია სხვა ქვეყნების მაგალითები

ზურაბ ჯაფარიძის მსგავსად, გიორგი ქადაგიძეც სამინისტროების რაოდენობის შემცირებას სახელწიფოს ბიუჯეტში არსებული თანხების დაზოგვას უკავშირებდა. მისი აზრით, უწყებების განახევრება ქვეყანას დაზოგილ ასეულობით მილიონ ლარს მისცემს, რაც თავის მხრივ ძალიან ჯანსაღ ეკონომიკურ მაჩვენებელზე გასვლის საწინდარი იქნება, - "შესაძლებელია გაუქმდეს ყველა უპორტფელო სამინისტრო, უკლებლივ. მაგალითად, შესაძლებელია გაუქმდეს ევროინტეგრაციის სამინისტრო და შეუერთდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტად, გაუქმდეს მაგალითად სასჯელაღსრულების სამინისტრო. ასეთი სამინისტრო არ გვხვდება არცერთ ევროპულ ქვეყანაში."

ორივე ინიციატორის განცხადება, "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, გია ვოლსკიმ პოპულისტურად შეაფასა - "სამინისტროების შემცირების თაობაზე გაკეთებული განცხადება, პოპულისტური განცხადებაა გიორგი ქადაგიძის მხრიდან. ფულის დაზოგვა რომ საჭიროა, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ქუჩაში რომ გააჩერო. სამინისტროების ოპტიმიზაციის, შემცირებების საკითხს ისე უყურებენ, თითქოს იქ მყოფი ხალხისგან ეროვნული მტრის ხატის შექმნა სურთ. ეს ხალხი იქ მუშაობს და ძალიან დიდ საქმეს აკეთებს. ვფიქრობ, ეკონომია შესაძლებელია ისეთი ხარჯების დაზოგვით, რომელიც განვითარებისკენ მიმართული არ არის." - განაცხადა ვოლსკიმ.

სამინისტროების ზრდის ტენდენციას უარყოფითად აფასებს პოლიტოლოგი გრიგოლ გეგელია. მისი აზრით, ამ უწყებების შემცირება, ქვეყანაზე დადებითად აისახება, -"წლებია, მხარს ვუჭერ ამ უწყებების შემცირებას, რადგანაც იმ ფონზე, რომ ქვეყანაში არის გაჭირვება, დიდი რაოდენობით ფული იფლანგება.

ეს იმის ბრალია, რომ მთელი სახელმწიფო დგას არასწორ კონსტიტუციურ მოწყობაზე და პრობლემის თავიც სწორედ ესაა.

აქედან გამომდინარე, ვემხრობი თინა ხიდაშელის ინიციატივას და მხარს ვუჭერდი "გირჩის" მოსაზრებასაც, რადგანაც ამდენი სამინისტროს არსებობა პირდაპირ გვაფიქრებინებს, რომ ისინი შექმნილია არა საქმის გასაკეთებლად, არამედ საკუთარი მხარდამჭერების დასაქმებისთვის," - აღნიშნა გეგელიამ Allnews.ge-სთან საუბარში.

ცნობილია, რომ 2016 წლის ბიუჯეტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 8 მილიარდ 373 მილიონ ლარს შეადგენს, მათ შორის, შრომის ანაზღაურება - 1 მილიარდ 438 მილიონი ლარია. ამავე წელს გაიზარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და 975,2 მილიონ ლარს შეადგენს.

2016 წლის პროექტის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტოს ბიუჯეტიც გაზრდილია და 950,0 მილიონ ლარს გაუტოლდა; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს ბიუჯეტი ცალ-ცალკე 153 მილიონ ლარია, საგარეო საქმეთა სამინისტრო კი 100 მილიონი ლარით ფინანსდება; 95,0 მილიონ ლარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს.

რაც შეეხება დანარჩენ სამინისტროებს, 2016 წლის პროექტის მიხედვით, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტი შემცირდა და უწყების დაფინანსებისთვის 90 მილიონი ლარია გამოყოფილი. ჩამოთვლილთაგან ყველაზე მცირე დაფინანსება, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქვს, მისი ბიუჯეტი 85 მილიონი ლარია.

საქართველოში დღეს სულ 19 სამინისტრო ფუნქციონირებს, რომელთა რაოდენობის ზრდაც 2012 წელს, "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობაში მოსვლის შემდეგ დაიწყო.

 

მარიამ მენაბდიშვილი

myquiz