GFK-ის კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 35.9 %, "ნაციონალური მოძრაობის" კი - 34.2 %-ია | Allnews.Ge

GFK-ის კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 35.9 %, "ნაციონალური მოძრაობის" კი - 34.2 %-ია

გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის მიხედვით, "ქართული ოცნების" რეიტინგი 35.9 %, "ნაციონალური მოძრაობის" კი - 34.2 %-ია.

რაც შეეხება პარტიულ რეიტინგში სხვა პოლიტიკური ძალების მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

"სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე"- 9.8%;

"ლეიბორისტული პარტია"- 5.4%;

"თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია"- 4.5%;

"პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" - 2.4%;

"ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა"- 2.2%;

"რესპუბლიკური პარტია"- 0.7%;

"პოლიტიკური ცენტრი -გირჩი" - 0.5%;

"ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე" - 0.5%.

ტელეკომპანია „რუსთავი 2", რომლის დაკვეთითაც აღნიშნული კვლევა ჩატარდა, ხაზს უსვამს, რომ „გირჩი", გიორგი ვაშაძის და პაატა ბურჭულაძის პარტიები საველე სამუშაოების დაწყებისას ცალ-ცალკე სუბიექტები იყვნენ, ხოლო "რესპუბლიკელები" ჯერ კიდევ მთავრობაში.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის დაკვეთით GFK-ის მიერ ჩატარებულ კვლევას არასერიოზულს უწოდებს.

"ეს უპატიოსნოდ ჩატარებული გამოკვლევაა, რომლის მიხედვით "ნაციონალური მოძრაობა" ალბათ გაიმარჯვებს საქართველოში, მიშა ჩამოვა კიევიდან და საქართველო გაბრწყინდება. არასერიოზულია, ძალიან თეთრი ძაფით ნაკერია. აბსოლუტურად არც ერთ პუნქტს არ ვენდობი - არც "ნაციონალებისას", არც "ქართული ოცნებისას", არც რომელიმე სხვა პარტიის. მე მგონი კვლევას არც ატარებენ, უბრალოდ ქაღალდზე წერენ, რაც უნდათ.

"რუსთავი 2 " არის "ნაციონალური მოძრაობის" ტელევიზია და ემსახურება მას. გულისამრევია ამის ყურება, უფრო ნიჭიერად უნდა გააკეთონ ასეთი რაღაც.

ასეთი ტიპის კვლევები მეც შემიძლია დავდო, თქვენც შეგიძლიათ დადოთ, პრობლემა არ არის. მთავარია არ დაითვალოს არავინ არაფერი", - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ჩემი აზრით, საზოგადოების ერთადერთი უტყუარი, ვალიდური განწყობა არჩევნებია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს გერმანული სოციოლოგიური კომპანია GFK-ის მიერ ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

"ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სხვადასხვა კომპანიის მიერ ჩატარებულ რამდენიმე კვლევის შედეგს გავეცანი. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ აშკარა კითხვის ნიშნები არსებობდა. კვლევების შედეგები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს, მინიმუმ დიდ განსხვავებაში იყო. ბოლო კვლევის შედეგები ვნახე, ჩემი აზრით, ერთადერთი უტყუარი, ვალიდური განწყობა საზოგადოების, ეს არის არჩევნები, რომელიც ძალიან მალე გაიმართება. ეს იქნება საბოლოო პასუხი საქართველოს მოსახლეობის არჩევანზე", - განცხადა დავით სერგეენკომ.

მე ყველა კვლევას პასუხისმგებლობით ვეკიდები, ყველა კვლევაში არის ჯანმრთელი აზრი, - ამის შესახებ მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ "რუსთავი2-ის" დაკვეთით, კომპანია GFK-ს მიერ ჩატარებული კვლევის შეფასებისას განაცხადა.

"კვლევა არის კვლევა. ყველა კვლევაში არის ჯანმრთელი აზრი.ასე რომ, თუ ადამიანი გონიერია, უნდა გამოიყენოს ეს კვლევა. ყველა კვლევას ვენდობით ჩვენ და არც ერთს არ ვეწინააღმდეგებით", - აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ.

კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით 2 200 ადამიანი მთელი საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა. როგორც "რუსთავი 2" განმარტავს, ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

myquiz