რომელ პარტიას გაუწევს კონკურენციას ახალი საარჩევნო ბლოკი ? | Allnews.Ge

რომელ პარტიას გაუწევს კონკურენციას ახალი საარჩევნო ბლოკი ?

ხელისუფლების შესაცვლელად 4 განსხვავებული პარტია გაერთიანდა და ახალი საარჩევნო ბლოკი შექმნა. თავდაპირველად პარტიები "გირჩი," "ახალი საქართველო" და "ახალი მემარჯვენეები" გაერთიანდნენ. რამდენიმე დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ბლოკს პაატა ბურჭულაძის პარტიაც შეუერთდა.

როგორია საპარლამენტო არჩევნებზე ახალი ბლოკის შანსები და გაუწევს თუ არა კონკურენციას მმართველ პარტიასა და "ნაციონალურ მოძრაობას"? Allnews-ის შეკითხვას პოლიტოლოგთა ნაწილმა უპასუხა. პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ ასეთი გაერთიანება რაღაც მხრივ მომგებიანია, თუმცა იქნება თუ არა საკმარისი, ჯერ კიდევ საკამათოა.

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ახალი ბლოკი "ქართულ ოცნების" ან რომელიმე სხვა პარტიის ამომრჩევლის გადაბირებას ვერ შეძლებს.

როგორც კვლევები აჩვენებენ, იმ ამომრჩევლების წილი, ვინც არჩევნებზე მიდის, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს 35-40 პროცენტია.

"ამ ბლოკს შანსი აქვს, რომ ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მიიღოს. ამომრჩევლის ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ ყავს ცუდი ხელისუფლება და უარესი ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" სახით, ამიტომ ეძებს მესამე არჩევნას, რომელიც ჯერ-ჯერობით ვერ უპოვია. " - აღნიშნა ხუხაშვილმა.

მისი თქმით, გადაწყვეტილება იმ ამომრჩეველს არ მიუღია, ვინც თავის დროზე ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა , ხოლო იმედგაცრუების შემდეგ "ქართულ ოცნებას" დაუჭირეს მხარი.

"ამ ტიპის ამომრჩეველი მიგრაციული ამომრჩეველია, რომელიც მესამე არჩევანს ეძებს. ამ გაერთიანებას, რა თქმა უნდა, თეორიული შანსი უჩნდება, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიზიდოს. მათი რაოდენობა იმდენად დიდია, რომ შეიძლება, ნებისმიერ პარტიას პრობლემა შეექმნას." - აღნიშნა ხუხაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა განაცხადა, მიუხედავად ამ პროცესებისა "ქართულ ოცნებას" პირველი ადგილი მაინც გარანტირებული აქვს.

პირველი ადგილი გამარჯვებას არ ნიშნავს. პარტია მაშინ ჩაითვლება გამარჯვებულად, როდესაც 50 პროცენტზე მეტს აიღებს. როგორც კვლევებიდან ვგებულობთ, პროპორციულ არჩევნებში მმართველი პარტია ამ 50 პროცენტიდან ძალიან შორსაა.

"მისი ერთადერთი კოზირი მაჟორიტარული არჩევნებია. თუმცა აქაც არ გამოვრიცხავ, რომ რაიმე ტიპის სიურპრიზები შეხვდეს. მთავარია ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი არჩევნებზე წავა თუ არა. თუ არჩევნებზე წავიდა, მაშინ "ოცნების" შანსი, რომ ხელისუფლების "საკონტროლო პაკეტი" შეინარჩუნოს და 50 პროცენტს პლუს ერთი მიიღოს, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. თუმცა იმის ალბათობაც არსებობს, რომ ამომრჩეველმა ახალი ფავორიტი ვერ იპოვოს და არჩევანი ცუდსა და უარეს შორის გააკეთოს. ამ შემთხვევაში "ქართული ოცნების" შანსები იზრდება. " - განაცხადა ხუხაშვილმა.

როგორც პოლიტოლოგმა გრიგოლ გეგელიამ Allnews-სთან საუბრისას განაცხადა, ახალმა ბლოკმა, შესაძლოა, ხმების ნაწილი "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" დააკარგვინოს.

"ცხადია ეს ორივე პარტია ხმების ნაწილს დაკარგავს. "ქართული ონების" ამომრჩევლის ნაწილი, შესაძლოა, ბუჭულაძეს აძლევდეს ხმას. ასევე, ბუნებრივია, რომ წინა არჩევნებზე, ვინც ხმა "ოცნებას" მისცა ვაშაძეს და გირჩს მხარს აღარ დაუჭერს, თუმცა შესაძლოა, ბურჭულაძის ამომრჩეველი გახდეს. "ნაციონალური მოძრაობის" ნაწილი კი ხმას გირჩს მისცემს. " - აღნიშნა გეგელიამ.

მისი თქმით, ეს იქნება ეკლექტური ძალა და ამომრჩეველს უნდა შეატყობინონ რა იდეოლოგიურ პლატფორმას ირჩევენ.

"ეს ეკლექტიკა რაღაც მხრივ მომგებიანია. თუმცა იქნება თუ არა ეს საკმარისი, იმისთვის რომ არჩევნებში გაიმარჯვოს, ამას ვერ გეტყვით. მგონია, რომ "ქართული ოცნება" მოიგებს, შეიძლება მცირე სხვაობით, მაგრამ მაინც." - აღნიშნა გეგელიამ.

მისი თქმით, გაერთიანებამდე "გირჩს" ბარიერის პრობლემა ჰქონდა, პაატა ბურჭულაძის ეგიდით კი პარლამენტში მოხვედრის შანსი გაუჩნდა.

myquiz