გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს | Allnews.Ge

გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს. გიორგი კვირიკაშვილი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს თანაგრძნობას უცხადებს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ თურქეთში, ქალაქ გაზიანთეფში მომხდარი ტერაქტის გამო. ამ წარმოუდგენელ სისასტიკეს რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, თურქეთის მთავრობას, თურქ ხალხს.

ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს - საუკუნის ბოროტებას, რომელიც ემუქრება მშვიდობისმოყვარე ხალხებს მთელ მსოფლიოში. ჩვენ მთლიანად ვაცნობიერებთ ცივილიზებული სამყაროს წინაშე მდგარ ამ უდიდეს გამოწვევას. გვჯერა, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევით ყველაფერი გაკეთდება მის დასამარცხებლად", - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

თურქეთში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა

თურქეთის ქალაქ გაზიანთეფში ქორწილის დროს მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა. დაშავებულთა რიცხვმა კი 100-ს მიაღწია. ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტერაქტის ორგანიზებაში ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" დაადანაშაულა.

 

myquiz