ვის მოიაზრებს "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პარტიის "ძირითად ხერხემლად" | Allnews.Ge

ვის მოიაზრებს "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი“ პარტიის "ძირითად ხერხემლად"

პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში, გაერთიანების საკითხზე "გირჩის", "ახალი საქართველოსა" და "მემარჯვენეების" შეხვედრა მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრინციპულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში მოხდეს პროდასავლური ძალების გაერთიანება.

"გირჩის", "ახალი საქართველოსა" და "ახალი მემარჯვენეების" ლიდერებმა შესაძლო გაერთიანების შესახებ დღეს ბრიფინგზე ისაუბრეს.

"ჩვენ ვხედავთ პაატა ბურჭულაძისადმი მაღალ ნდობას საზოგადოებაში, მის რეპუტაციას ქვეყნის შიგნით და ფარგლებს გარეთ და მისი საქმიანობის დადებით შედეგებს მთლიანად საქართველოში. მიგვაჩნია, რომ მას აქვს ყველა რესურსი, გააერთიანოს პროდასავლური პოლიტიკური ძალები და მართლაც ერთიანი მძლავრი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელიც ქვეყანას იმ ღრმა კრიზისიდან გამოიყვანს, რომელ კრიზისშიც დღეს იმყოფება", - განაცხადა საარჩევნო ბლოკის "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალი არჩევანი" და "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს ლიდერმა" გიორგი ვაშაძემ.

რა შანსები აქვს პოლიტიკაში მოსულ მსოფლიო ბანს - პაატა ბურჭულაძეს

საარჩევნო ბლოკ "ახალი არჩევანის" ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, დღეს არის ის რეალობა, როდესაც პროდასავლურმა პოლიტიკურმა ძალებმა ერთმანეთში განსხვავებები კი არა გადაკვეთის წერტილები უნდა ეძებონ.

ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ბლოკში გაერთიანებულ პარტიებსა და პაატა ბურჭულაძის პარტიას საერთო საგარეო ვექტორი აქვს, რომელიც ნატოსა და ევროკავშირისკენ უწყვეტ სვლას გულისხმობს.

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერი, მამუკა კაციტაძე პაატა ბურჭულაძეს საარჩევნო ბლოკი "ახალი არჩევანის" ძირითად ხერხემლად მოიაზრებს.

მისი განცხადებით, გაერთიანება იქნება შანსი იმისა, რომ მათი ძალისხმევა კიდევ უფრო გაძლიერდეს და ხვალინდელ ქართულ პოლიტიკაში სერიოზულ გადამწყვეტ ფატორად იქცეს.

"ახალი არჩევანის" შეთავაზებას პაატა ბურჭულაძის პარტიაში უკვე გამოეხმაურნენ. "პოლიტიკური მოძრაობა პაატა ბურჭულაძე სახელწიფო ხალხისთვის" წევრი გიორგი პაპავას თქმით, ზემოთ აღნიშნული ბლოკის პარტიების შეთავაზებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ პაატა ბურჭულაძეს აქვს ის რესურსი გარშემო პროდასავლური ძალები შემოიკრიბოს. "რაც შეეხება მათ შემოთავაზებას, პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით გუნდში განიხილავენ მათ შემოთავაზებას და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ", - განაცხადა გიორგი პაპავამ.

რაც შეეხება თავად ბურჭულაძეს, მისი თქმით, საკუთარ პარტიასა და ბლოკ "ვაშაძე-ჯაფარიძე-ახალ არჩევანთან" შეხების ბევრი წერტილი აქვს.

"ჩვენ გვქონდა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი აზრები და ახლა შიდაკონსულტაციები გაგრძელდება ჩვენს პარტიაში. შეხების ძალიან ბევრი წერტილი გვაქვს, ეს არის ყველაზე სასიამოვნო, მოვნახეთ ბევრი საერთო წერტილი, რითაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას ეშველოს", - განაცხადა ბურჭულაძემ.

ექსპერტმა, არჩილ გამზარდიამ, საარჩევნო ბლოკ "ახალი არჩევანისა" და პაატა ბურჭულაძის პარტიის შესაძლო გაერთიანება შეაფასა. მისი აზრით, ეს ფაქტი ლოგიკურ და წინასაარჩევნოდ გათვლილ ნაბიჯს წარმოადგენს, - "გაერთიანების მთავარ არგუმენტად, თავად პარტნიორებმა ხმების შემკრებლობა დაასახელეს. მართლად ასეა, თითოეულ მათგანს თანაბარი სამიზნე ჯგუფი აქვს და ხმების დაკარგვის საფრთხე აღარ ექნებათ, აქედან გამომდინარე ბარიერის გადალახვის პერსპექტივა, უფრო მაღალია.

გარდა ამისა, აღნიშნული პარტიების გაერთიანების ფაქტი დიდ ეჭვს აღძრავს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" კი არ დაიშალა, არამედ ხელმეორედ იქმნება ალტერნატიული "ნაციონალური მოძრაობა", რადგან ამ "ახალმა არჩევანმა"თუ ბარიერი გადალახა, არ გამიკვირდება, რომ პარლამენტში მოხვედრისთანავე ნაციონალებთან გაერთიანდნენ."

"ახალი მემარჯვენეების" ლიდერის, მამაუკა კაციტაძის თქმით კი, "შეხვედრაზე ისაუბრებენ ყველაფერზე და გადაწყვეტილების შესახებ დღის განმავლობაში გახდება ცნობილი".

myquiz