რას გულისხმობს საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადება ? | Allnews.Ge

რას გულისხმობს საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადება ?

"ორი ხელით მივესალმები ნინო ბურჯანაძის პოზიციას, რომ საქართველოში არც ერთი სამხედრო ძალა არ იყოს,"- ამის შესახებ უმრავლესობაში შემავალი ფრაქციის "ქართული ოცნება - მრეწველების" თავმჯდომარე გოგი თოფაძე საუბრობს.

"ამ საკითხზე ჩემი პოზიცია თქვენ კარგად იცით. მე და ჩემს თანაგუნდელებს მიგვაჩნია, რომ საქართველო - ჩემი სამშობლო, არც ერთ აგრესიულ სამხედრო ბლოკში არ უნდა იყოს. ჩვენი იდეალია საქართველო გაძლიერებული ეკონომიკურად, თავისი ისტორიითა და კულტურით იყოს დამოუკიდებელი ქვეყანა, როგორც ნეიტრალური ქვეყანა."-განაცხადა გოგი თოფაძემ.

პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე კონსტიტუციის მეშვიდე თავში დამატებითი მუხლის შეტანისა და საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადების ინიციატივით გამოდის, რაც ნიშნავს, რომ მან უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, იქნება ეს ნატო თუ ნებისმიერი სხვა სამხედრო ორგანიზაცია.

"საქართველოში არ უნდა იყოს განლაგებული არც ერთი სახელმწიფოს, არც ერთი სამხედრო ორგანიზაციის ჯარი. საქართველოში არ უნდა იყოს არც ნატო-ს და არც რუსთის ჯარი და როდესაც ვლაპარაკობ საქართველოზე, ბუნებრივია, ვგულისხმობ გაერთიანებულ საქართველოს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ჩათვლით. ეს ინიციატივა არის საქართველოს გამთლიანების, რეალური წინსვლის გარანტი," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობის განსამარტად და მისი პოპულარიზაციისთვის საქართველოს რეგიონების მონახულებას გეგმავს. "დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარის განმარტებით, მისი პარტია იწყებს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლას და ხელმოწერების შეგროვებას აღნიშნული ინიციატივის რეალიზებისთვის.

საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადების ინიციატივის მთავარი მოწინააღმდეგე პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია. მან ყველა იმ პოლიტიკურ ძალას, რომელმაც ერთი თვის წინ ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციას ხელი მოაწერა, მოუწოდა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებული მისი წინადადებისთვის მხარი დაეჭირა.

პარლამენტის თავმჯდომარე, ნინო ბურჯანაძის საპირისპირო ინიციტივით გამოვიდა, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციის პრეამბულაში, იქ სადაც საუბარია, რა სურს ქართველ ხალხს, დაემატოს ფრაზა - დავიმკვიდროთ სრულფასოვანი ადგილი დემოკრატიული სახელმწიფოების უსაფრთხოების და თანამშრომლობის ევროატლანტიკურ სისტემაში. თავად უსუფაშვილმა მის მიერ წამოყენებულ წინადადებას ხელი უკვე მოაწერა.

"მე, როგორც პარლამენტის წევრი და თავმჯდომარე ვერ ვიქნები პასიური მაყურებლის როლში. ამიტომ გადავწყვიტე მივმართო ჩემს კოლეგებს და პარლამენტში შევიტანოთ ინიციატივა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების ჩაწერის შესახებ - იმ ცვლილების, რომელიც სჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას, მომავალს და მის კეთილდღეობას"-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის საკონსტიტუციო ინიციატივის პროექტს ხელი "თავისუფალმა დემოკრატებმაც" მოაწერეს, თუმცა, ამავდროულად, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ ინიციატივა, რომელიც ე.წ. უბლოკო სტატუსთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძეს გააჩნია, არავითარ საფრთხეს არ წარმოდგენს, რადგან აღნიშნული პროექტი არ განხორციელდება. აბაშიძე მიიჩნევს, რომ როგორც ერთი, ისე მეორე საკონსტიტუციო წინადადება წინასაარჩევნო ტრიუკია.

"ნინო ბურჯანაძის ინიციატივა და მის მიერ დაწყებული კამპანია არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, რადგან საზოგადობასა და ხალხს გადაწყვეტილი აქვს თუ საით უნდა წავიდეს ჩვენი სახელმწიფო - ეს არის ევროატლანტიკური სივრცე და ევროკავშირი."-განაცხადა აბაშიძემ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი კი მიიჩნევს, რომ დავით უსუფაშვილმა საკუთარი განცხადებით ამ მიზნის ექსკლუზიურობაზე პრეტენზია განაცხადა და ამასთანავე, უმცირესობა, რომელიც ევროინტეგრაციას მხარს არ უჭერს, კონსტიტუციის მიღმა დააყენა.

საქართველოს უბლოკო სტატუსის გამოცხადების საკითხს უგუნური ინიცატივა უწოდა იურისპრუდენციის დოქტორმა ნიკა რურუამ. რურუას მოსაზრებით, ინიციატივა პირდაპირ ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

საქართველოს დასავლური მარათონი - ძველებურად მიმზიდველია თუ არა ფინიშის ხაზი

"საქართველოს უბლოკო სტატუსი ნიშნავს მარად დაუცველ საქართველოს, აბსოლუტურად ბედის ანაბარა მიტოვებულ ქვეყანას, რომელიც მაქსიმალურად იქნება შევიწროვებული, დაშინებული, შანტაჟის ქვეშ მყოფი მოწყვლადი ქვეყანა, რაც იქნება ძალიან დიდი წინაღობა ჩვენი ქვეყნისა და ინსტიტუბის, მათ შორის, ეკონომიკის განვითარებისთვის. იქ, სადაც დაუცველობის საფრთხეა, ინვესტიცია არ შემოდის"-განაცხადა ნიკა რურუამ.

მისი მოსაზრებით, ჩვენი ქვეყნის ტრანსატლანტიკური მიმართულება უალტერნატივოა. ნიკა რურუას განმარტებით, ინიციატივა არარეალურია და ვინც მას მხარს დაუჭერს, ცალსახად რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საქართველოს ინტერესების მტერი იქნება.

პარლამენტში ორშაბათს, 15:00 საათზე ბიურის სხდომაზე, სხვა საკითხებთან ერთად განიხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ნინო ბურჯანაძის მხრიდან პარლამენტში შესული განაცხადიც იქნება, რომლებიც აპირებენ შეაგროვონ ხელმოწერები და კონსტიტუციაში მოითხოვონ უბლოკო სტატუსის ჩაწერა - კონსტიტუციურად აუკრძალონ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

სალომე აბულაშვილი

myquiz