საქართველოს დასავლური მარათონი - ძველებურად მიმზიდველია თუ არა ფინიშის ხაზი | Allnews.Ge

საქართველოს დასავლური მარათონი - ძველებურად მიმზიდველია თუ არა ფინიშის ხაზი

მაშინ როდესაც საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების საკითხზე მსჯელობის კონკრეტული თარიღი ცნობილი არ არის, ოფიციალური თბილისი კი ნატოს ვარშავის სამიტიდან კვლავ ხელცარიელი დაბრუნდა, რუსეთ-საქართველოს ომიდან მერვე წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილე საქართველოს დასავლეთისკენ სწრაფვის შემცირებაზე საუბრობს.

"თვალშისაცემია ომის შემდგომ საქართველოში ქვეყნის დასავლურ ბედზე ოპტიმიზმის კლება, ნატოსადმი მხარდაჭერა საქართველოში ისევ ძლიერია, თუმცა შენელდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები."- განცხადა მეთიუ ბრაიზამ.

სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის განმარტებით, ფართო-სტრატეგიული თვალსაზრისით, საქართველომ შეინარჩუნა ევრო-ატლანტიკური კურსი, რაც პოლიტიკურ სპექტრში, მათ შორის პარლამენტსა და "ქართული ოცნების" მთავრობაში გაკეთებული განცხადებებიდან ჩანს. ბრაიზას თქმით, საქართველოს ხელისუფლების წევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საქართველოს ადგილი დასავლეთში და ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაშია.

მისი მოსაზრებით, ამის მიუხედავად ნატოსა და დასავლეთისკენ საქართველოს სწრაფვის ინტენსიურობა შემცირდა.

მეთიუ ბრაიზას განცხადებას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი არ დაეთანხმა და განაცხადა, რომ ზოგიერთ პოლიტიკურ პირს არ აქვს საერთო კომპლექსური განცდა იმისა, საქართველო დღეს რა პროცესში იმყოფება. ბრაიზას მოსაზრების გასაბათილებლად ირაკლი სესიაშვილმა იმ მიღწევებს გაუსვა ხაზი, რომლებსაც ოფიციალურმა თბილისმა უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ევროკავშირთან და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობაში მიაღწია, მათ შორის ერთ-ერთ პირველ მიღწევად კი ვიზალიბერალიზაციის პროცესი დაასახელა.

"ეს არის ასოცირების შეთანხმება, ეს არის ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ეს არის ნატოსთან ძალიან ინტენსიური ურთიერთობა, რომლის ფარგლებში გვაქვს ძალიან სერიოზული გადაწყვეტილებები, მათ შორის უელსის სამიტის გადაწყვეტილება. მთელი რიგი მიმართულებებით ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მაღალ ეტაპზე ურთიერთობის ინტენსივობის კუთხით."-განმარტა სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ მას, ვინც ამ მიღწევებს ვერ ხედავს, სავარაუდოდ გარკვეული პირადი ან პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს, თუმცა რა ინტერესებზეა საუბარი ირაკლი სესიაშვილს არ დაუკონკრეტებია.

ვთხოვ ბატონ მეთიუ ბრაიზას, შეახსენოს საკუთარ ხელისუფლებას, თუ რატომ არის შენელებული საქართველოს სვლა დასავლეთის მიმართულებით - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მეორე მოადგილის შეფასებას ასე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი გამოეხმაურა.

უსუფაშვილის თქმით, საქართველოს არც ერთი წამით, არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია და შეუნელებია სვლა დასავლეთის მიმართულებით.

"სამწუხაროდ, ევროპაც და ამერიკის შეერთებული შტატებიც სერიოზულად არის მოცული საკუთარი შიდა თუ რეგიონული პრობლემებით. ამას ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ, მაგრამ არანაირად არ უნდა შევაჩეროთ სვლა დასავლეთისკენ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

გამოიწვია თუ არა პროცესების გაჭიანურებამ საქართველოს ხელისუფლების დემოტივაცია? - Allnews-ის შეკითხვას სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფონდის მკვლევარმა ნოდარ ხარშილაძემ უპასუხა.

მისი განმარტებით ხელისუფლებას მოტივაციის დაკარგვის უფლება არ აქვს.

"მოტივაციით კი არ უნდა მუშაობდეს ხელისუფლება, არამედ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ამიტომ რამდენად დიდიც არ უნდა იყოს იმედგაცრუება ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ეს კურსი გვაქვს არჩეული და ბოლომდე უნდა მივდიოთ მას. ის რომ რაღაცას ვერ ვაღწევთ ამ ეტაპზე არ ნიშნავს რომ თავი უნდა დავანებოთ და აბსოლუტურად მიუღებელი ალტერნატივა ავირჩიოთ."-განაცხადა ხარშილაძემ და განმარტა რომ საქართველოს ხელისუფლებას "რუსეთს არ ვაწყენინოთ" პოლიტიკა ნამდვილად აქვს. რაც ბრაიზას მოსაზრებას ნაწილობრივ ეთანხმება, რომელმაც აღნიშნა რომ აგვისტოს ომამდე, არც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი არ იტყოდა, რომ საქართველომ დასავლეთზე მეტად რუსეთთან ურთიერთობაზე უნდა იფიქროს.

ამავდროულად ნოდარ ხარშილაძე მიიჩნევს, რომ დასავლური კურსი რაღაც დოზით არსებობს, თუმცა ის რომ შესუსტებულია ფაქტია, რადგან მას ბევრად უფრო ნაკლები პრიორიტეტი ენიჭება ვიდრე ეს წინა წლებში ხდებოდა. "

ზოგადად განცხადების დონეზე საქართველო რჩება აბსოლუტურად ლოიალური დასავლური კუსის მიმართ, მაგრამ რაც შეეხება ქმედებებს დიდი არაფერი კეთდება ამ მიმართულებით და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ განსაკუთრებულად პრიორიტეტი ეს ყველაფერი არ არის. ეს მხოლოდ შეგრძნება არაა, ეს ფაქტია, რომ ბოლომდე თითქმის, ვერც ერთი საქმე ვერ მივიყვანეთ, ეს ვიზალიბერალიზაციას ეხება. სულ ვამბობთ რომ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.

ბოლო 4 წელია ისეთი შეგრძნება ჩნდება და ისეთი სიტუაციაა ქვეყანაში, რომ ეს 4 წელი დავკარგეთ.

არც ნატოზე მოგვიკლავს თავი. ხიდაშელი საკმაოდ კარგად მუშაობდა, მაგრამ ერთი ადამიანი ბევრს ვერაფერს შეცვლიდა"- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

დარჩება თუ არა საქართველო ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ნაწილი, ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე გადაწყდება, თუმცა, მეთიუ ბრაიზას განმარტებით, თუ საქართველო ცალსახად ეცდება ტრანს-ატლანტიკურ საზოგადოებაში უფრო მყარ ინტეგრაციას, შეასრულებს ასოცირების ხელშეკრულებას და ნატოსთან ახლო-თანამშრომლობას გააგრძელებს, მას შეუძლია იყოს რელევანტური.

myquiz