აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტს სწავლობს | Allnews.Ge

აუდიტის სამსახური პრემიერის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრის გადაცემის ფაქტს სწავლობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ახალდაქორწინებულებისთვის საჩუქრების გადაცემა შესაძლოა დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს, სწავლობს.

პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში განუცხადეს, ინფორმაციის გადამოწმება უკვე დაიწყეს.

"გამოთხოვილი იქნება დეტალური ინფორმაცია მუნიციპალიტეტიდან და სწორედ აღნიშნულის შემდეგ იქნება შესაძლებელი დადგენა, ჰქონდა თუ არა ადგილი კანონდარღვევას", - განაცხადა პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნების" აზრით, პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ 6 აგვისტოს, ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემა შესაძლოა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

"6 აგვისტოს ბეშუმში გამართულ შუამთობის დღესასწაულზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ ახლად დაქორწინებულ წყვილს - იგორ აბულაძესა და ნათია დეკანაძეს საჩუქრად ოქროს ბეჭდები გადასცეს.

ხულოს გამგეობაში აცხადებენ, რომ წყვილისთვის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ გადაცემული ბეჭედი ხულოს გამგეობამ შეიძინა და ის პროგრამის მიხედვით, ახალდაქორწინებულთათვის ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელს უნდა გადაეცა. თუმცა, საბოლოოდ, წყვილს ბეჭედი აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ გადასცა.

რაც შეეხება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ წყვილისათვის ბრილიანტის ბეჭდის გადაცემას, ამ ფაქტს ხულოს გამგეობა არ ადასტურებს.

"სამართლიანმა არჩევნებმა" მოიპოვა ფოტომასალა, რომელზეც ნათლად ჩანს, რომ პატარძალს, ნათია დეკანაძეს საჩუქრებს საქართველოს პრემიერ მინისტრი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ცალ-ცალკე გადასცემენ. ორი ბეჭდის საჩუქრად მიღებას ოჯახიც ადასტურებს.

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიიჩნევს, რომ პრემიერ-მინისტრისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ ამომრჩევლებისათვის საჩუქრების გადაცემის ფაქტი შეიცავს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის, ან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, რაც დამოკიდებულია საჩუქრების ღირებულებაზე", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში.

myquiz