როგორ აფასებენ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას | Allnews.Ge

როგორ აფასებენ თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას

თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მიიჩნევს, რომ ლევან იზორიას თავდაცვის მინისტრად დანიშვნით სისტემურად არასწორი ნაბიჯი გადაიდგა. უსუფაშვილი ვარაუდობს, რომ შესაძლოა ეს დროებითია და შესაძლოა იმ ვითარებით იყოს განპირობებული, რაც შეიქმნა.

"თუმცა, მმართველი გუნდისთვის, პრემიერისთვის ეს თემა, რომ თავდაცვის მინისტრი აღარ იქნებოდა თინა ხიდაშელი, დიდი ხანია ცნობილი იყო და მათივე სურვილიც იყო, რომ ეს ასე მომხდარიყო, ამიტომ შეიძლებოდა უკეთ მომზადება ამ საქმისთვის".-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის პოზიციას თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელიც ეთანხმება და თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, დანიშვნას "შეცდომას" უწოდებს. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის სამინისტრო სამოქალაქო უწყებაა და მის ხელმძღვანელად უშიშროების სამსახურის კადრის დანიშვნა პარტნიორებისთვის ცუდი სიგნალი იქნება.

"მე ვფიქრობ, რომ მთავარ შეცდომას უშვებს დღეს პრემიერ-მინისტრი. თავდაცვის სამინისტრო ეს არის უწყება, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე უფრო პოლიტიკური მნიშვნელობის მატარებელია როგორც საგარეო ურთიერთობებში, ასევე საქართველოს ინტეგრაციის გზაზე. რატომ არის აკრძალული, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრი იყოს, მაგალითად, სამხედრო და ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მაინცდამაინც ვარსკვლავები არ უნდა ეკეთოს? - ეს არის სამოქალაქო უწყება და მე ვფიქრობ, რომ ძალიან ცუდი გზავნილია ყველასთვის, როგორც ჩვენი პარტნიორებისთვის, ისე ქვეყნის შიგნით. ჯერ ალასანია - სამოქალაქო, გახსნილი მინისტრი ჩაანაცვლა უშიშროებამ და შემდეგ ხიდაშელი ჩაანაცვლა უშიშროებამ. ეს ცუდი ტენდენციაა. მე არ ვიცი, რა მიზანს ემსახურება, მაგრამ შემიძლია ცალსახად გითხრათ, რომ ეს არის ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელი", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

დევნილთა მინისტრ სოზარ სუბარისთვის თავდაცვის მინისტრად ლევან იზორიას დანიშვნის თაობაზე ამავე უწყების ყოფილი ხელმძღვანელის, თინა ხიდაშელის შეფასება გაუგებარია.

როგორც სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა, თავდაცვის ასევე ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაც თავის დროზე უშიშროების მინისტრის მოადგილე იყო.

"ცოტა ვერ გავიგე მაგალითი, როდესაც ქალბატონმა თინამ გააკეთა დაპირისპირება - ალასანია იზორიას შორის, იმიტომ რომ ალასანია, კარგად გვახსოვს, იყო უშიშროების მინისტრის მოადგილე თავის დროზე, თუ არ ვცდები საკმაოდ მაღალი ჩინი ჰქონდა - პოლკოვნიკი თუ გენერალია... თუმცა, ეს მიმაჩნია რომ არის პლუსი და არა მინუსი",-განაცხადა სოზარ სუბარმა.

რაც შეეხება უშუალოდ ლევან იზორიას, დევნილთა მინისტრს პრემიერის არჩევანი მოსწონს და როგორც აცხადებს, იზორია ძალიან დიდი პოლიტიკური გამოცდილების მქონე პირია.

მთავრობის მეთაური გიორგ კვირიკაშვილი საკუტარი არჩევანით კმაყოფილია და აცხადებს, რომ ლევან იზორია უმაღლესი რანგის პროფესიონალი და ქვეყნის პატრიოტია, რომელიც, სამთავრობო და სამინისტროს გუნდთან ერთად, განაგრძობს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე მნიშვნელოვან რეფორმებს და მოახდენს ყველას პროფესიონალიზმის კონსოლიდაციას, რათა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს.

"მე მინდა, ჩვენი ქვეყანა დამშვიდდეს, დაწყნარდეს, დამთავრდეს ქვეყნის პოლარიზაცია და მოხდეს საზოგადოების მაქსიმალური კონსოლიდაცია. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი და თავდაცვის უწყება არის ის უწყება, სადაც ყველაზე მეტად უნდა იგრძნობოდეს ქვეყნის ერთიანობა. სწორედ ამ უწყებაში უნდა იყოს ის სული ყველაზე მეტად; ის უნდა იყოს ყველასთვის იმის მაჩვენებელი, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი სამშობლო და ჩვენი ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ბატონი ლევანი ძალიან წარმატებით გაუძღვება ამ საქმეს, ერთი წამით ეჭვი არ მეპარება ამაში. რა თქმა უნდა, მას დაჭირდება ყველა ჩვენგანის დახმარება, გვერდში დგომა და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველანი ერთად, ჩვენი თავდაცვის სისტემის ძალიან მნიშვნელოვან რეფორმირებას მოვახდენთ. იმაში, რომ თავდაცვის სისტემას გაძლიერება და რეფორმირება სჭირდება, ვფიქრობ, ეჭვი არავის ეპარება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ლევან იზორია თეორიული მომზადებითა და ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც შეეძლება დასავლეთში ყველა კარი გააღოს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი, თავდაცვის მინისტრის პოსტზე ლევან იზორიას დანიშვნას.

როგორც ცისკარიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისასა განაცხადა, იზორიას შეუძლია მიღებული გამოცდილებით ერთ-ერთი წარმატებული მინისტრი გახდეს.

"ლევან იზორია, თეორიული მომზადებით, ერუდიციით იქნება მინისტრი, რომელსაც ექნება საშუალება დასავლეთში ყველა კარი გააღოს. იზორია იყო საკმაოდ წარმატებული რექტორი პოლიციის აკადემიაში, წარმატებული მინისტრის მოადგილე და დღემდე ერთადერთი კაცი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, რომელსაც რაღაც გამოცდილება მაინც გააჩნდა. მე ვფიქრობ, ის იქნება კარგი თავდაცვის მინისტრი, თუმცა შესაძლოა მისი მინისტრად გადასვლა სახიფათო იყოს, თუ კი სუს-ში მისი ღირსეული შემცვლელი არ მოიძებნება ",-განაცხადა სოსო ცისკარიშვილმა.

ლევან იზორია მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად დღეს შეუდგა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და უწყებაში თანამშრომლებთან შეხვედრა გამართა.

myquiz