თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები - როგორი იყო თავდაცვის ექსმინისტრის 15-თვიანი მუშაობის პერიოდი | Allnews.Ge

თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებები და ნაბიჯები - როგორი იყო თავდაცვის ექსმინისტრის 15-თვიანი მუშაობის პერიოდი

თავდაცვის სამინისტროს 15-თვიანი ხელმძღვანელობის შემდეგ, თინა ხიდაშელმა მინისტრის თანამდებობა დატოვა. თავის დროზე "რესპუბლიკელი" მინისტრის დანიშვნას საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ქალი თავდაცვის მინისტრი ბევრმა გააკრიტიკა და მისი შესაძლებლობები დაიწუნა.

ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად 2015 წლის პირველ მაისს დაინიშნა. მას შემდეგ მან მინისტრობის პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოახერხა. ხიდაშელის მინისტრობის დროს ქართული ჯარის კვება ქართულ პროდუქტზე გადავიდა.

"თავდაცვის სამინისტრომ, ჩემი მინისტრობის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა მოსახლეობის დასაქმებისა და საქართველოში მეტი შემოსავლის გაჩენის თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ ჯარის კვება ქართულ პროდუქტზე გადავიტანეთ, დაახლოებით 40 მილიონი ლარი დავტოვეთ ქვეყანაში, რომელიც მანამდე არგენტინიდან და შორეული ქვეყნებიდან ჩამოტანილი გაყინული ხორცის დაფინანსებას ხმარდებოდა", - აცხადებდა თინა ხიდაშელი.

ბევრისათვის მოულოდნელი იყო თინა ხიდაშელის გადაწყვეტილება, როდესაც მან თანამდებობიდან გაათავისუფლა სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტას" ხელმძღვანელი უჩა ძოძუაშვილი. გათავისუფლების მიზეზი კახეთში მოსული სეტყვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემები იყო. კახეთის მოსახლეობამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა, მათი ინფორმაციით, "დელტამ" სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარები დროულად არ გამოიყენა.

ხიდაშელის ინიციატივით მომზადდა ასევე აზარტული თამაშებისა და მასზე დამოკიდებული სამხედრო მოსამსახურეების შესახებ კანონპროექტი. უწყებამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სუიციდის შემთხვევების პრევენციის მიზნით პოლიტიკა რადიკალურად შეცვალა.

ხიდაშელის მინისტრობის პერიოდში ეროვნული სასწავლო ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი გაიხსნა.

ერთ-ერთი ბოლო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხიდაშელმა მიიღო და რომელმაც საქართველოს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის უკმაყოფილება გამოიწვია თავდაცვის სამინისტროს მხრიდან სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის გაუქმება იყო. ბრძანება, რომელსაც ხელი თავად ხიდაშელმა მოაწერა, გულისხმობს იმას, რომ თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო გაწვევას აღარ განახორციელებს. თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თინა ხიდაშელი თანამდებობას დატოვებდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა კანდიდატის შესახებ. თავდაცვის მინისტრის პოსტზე სახელდებოდა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, სასჯელარსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი და ვეტერანთა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი კობა კობალაძე.

თუმცა, გუშინ თავდაცვის სამინისტროში ხიდაშელის შემცვლელად გიორგი კვირიკაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია წარადგინა.

თეა ბეჟიტაშვილი

myquiz