თავდაცვის ახალმა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა | Allnews.Ge

თავდაცვის ახალმა მინისტრმა პირველი კომენტარი გააკეთა

ჩვენ გავაგრძელებთ, პირველ რიგში, ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას, - ამის შესახებ საქართველოს ახალმა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ აღნიშნული უწყების ხელმძღვანელად წარდგენისას განაცხადა.

ლევან იზორიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობა დადო.

"მე მინდა ორ ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება ჩემს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მეორე - ამ ინტეგრაციის გზაზე თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას.

ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის და ამ მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკაშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას. ბუნებრივია, ამ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შევასრულებთ.

მე მინდა სიამაყოთ ვთქვა, რომ მომიწევს მუშაობა სამშობლოსთვის თავდადებულ ოფიცრებთან, სამხედროებთან, რომელთაც ჩვენს საზოგადოებაში ყველაზე მაღალი ნდობა აქვთ. ალბათ, ჩვენს თქვენს ნდობას გავამართლებთ"-განაცხადა ლევან იზორიამ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თავდაცვის ახალი მინისტრი, ასევე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ახალი სახელმწიფო მინისტრი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში წარადგინა.

თინა ხიდაშელის შემცვლელად სუს-ის უფროსის მოადგილე ლევან იზორია დაინიშნა, ხოლო პაატა ზაქარეიშვილი მისმა მოადგილე ქეთი ციხელაშვილმა ჩაანაცვლა.

თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თანამდებობები დღეიდან ოფიციალურად დატოვეს.

myquiz